შუალედი - დან - მდე
 
 


* * *ეს იყო წინათ...


ეს იყო წინათ,
დიდი ხნის წინათ,
რაც გახსენება
გულმა არ ჰგუბოს -
მაინც მოვიდა
ვიღაც გვირგვინით
და შენს უბრალოს
აშვენებს კუბოს.

მიდიხარ... ისე
მიგაქვს წვალება,
თითქო ზღვის კარად
თივას თიბავდე,
ვინა თქვა შენი
გარდაცვალება?
არა, სწორედ დღეს
შენ დაიბადე.

მიდიხარ... აღარ
დაგემდურება
არც მიწიერი,
არც ზეციერი,
ვინა თქვა შენი
უბედურება?
არა, სწორედ დღეს
ხარ ბედნიერი.

მიდიხარ... ტკბილი
გქონდეს მგზავრობა
სხვა ბინას -
მარად იყო ზღაპარი.
ვინა თქვა შენი
მიუსაფრობა?
არა, შენ ჰპოვე
თავშესაფარი.

მიდიხარ... შენს ბედს
ბევრი ინატრებს
მშვენიერს, ბედი
სხვა არსად არი,
შენ სივრცეებმა
დაგაბინადრეს -
შენ უკვდავების
ხარ ბინადარი.

1956 წლის 15 მარტი