შუალედი - დან - მდე
 
 


ერთი ლექსი


I
ყოველ ახალ წლის დასაწყისს
მხოლოდ ერთს ლექსს ამბობს მეკვლე.
იგი არის ძველთაძველი
ჩვეულების ანარეკლი.
და იმავ დროს ის კაფავს გზას,
მოსილს ჭინჭრით და ნარ-ეკლით,
რომ მომავალ თაობისთვის
ერთი ლექსის იდგას ძეგლი.
ვაქოთ სიტყვით უმაღლესით
საქმეშიაც უწრფელესი
სამშობლოსთვის მეომარი
ლექსი, იგი ერთი ლექსი.

II
ერთი, მხოლოდ ერთი ლექსი,
რომ ქმნის გმირის მარჯვენა ხელს,
ლექსით ქვეყნის ყველა კუთხე
იცნობს მგოსნის სპეტაკ სახელს.
ლექსი სწვდება არემარეს:
ბავშვიც კი, როს თვალს გაახელს,
დაინახავს მთიდან ზღვამდის
საქმეს მედგარს და ხელდახელს.
ვაქოთ სიტყვა უმაღლესი,
საქმეშიაც უწრფელესი,
მშვიდობისთვის მეომარი
ლექსი, მხოლოდ ერთი ლექსი.

III
როს ვუმღერით, მეგობრებო,
საქართველოს ახალთ-ახალს,
როს ვუმღერით ჩვენი ქვეყნის
მშენებლობას, ცამდის მაღალს.
როს გვიყვარს ის, ვინც იდეას
სასოებით გულს ინახავს,
ვინც მხარს უჭერს ყოველივეს,
რასაც წმინდას დაინახავს,
ვაქოთ გზნება-უმაღლესი,
სიმღერებში უწრფელესი,
კომუნიზმის სიმკვიდრისთვის
მეომარი ერთი ლექსი.

IV
სული ქართულ ზნეობისა
და სიწმინდე დედაენის,
გულწრფელობა უდიადეს
ჩვენი დროის დროშას შვენის.
დე, იყოს ყრმა გულმართალი,
მომწყურვალე შუქთა ფენის,
იზრდებოდა ფრთები ლექსის
აწ განმგრძობი დიდი ფრენის.
ვაქოთ გზნება-უმაღლესი,
სინიდისით უწრფელესით,
უბრწყინვალეს მომავლისთვის
მეომარი ერთი ლექსი.

V
აგე, ხიდიც. ქვეშ მდინარე
მიდის, დაფიქრებით მიდის.
მასზე ლექსი სარკე არის
ჩვენი ავდრის და ამინდის.
ლექსი არის თანამგზავრი
მშენებლობის დიდზე დიდის,
მშენებლობა ახალი გზის,
მშენებლობა ახალ ხიდის.
ვაქოთ სიტყვით უმაღლესით
საქმეშიაც უწრფელესი,
სიახლისთვის მეომარი
ლექსი, იგი ერთი ლექსი.

VI
დაიდგმება ერთი ძეგლი,
სად ქროლვაა ვერის ქარის,
მტკვარის ნახოს შენელება,
ნახოს ადიდება მტკვარის.
დავდგათ ერთი ლექსის ძეგლი,
სად გზა მზისკენ მიიჩქარის,
მომავალი იგრძნობს, რომ დრო
ბევრზე ბევრის მომსწრე არის.
ვაქოთ სიტყვით უმაღლესით,
და საქმეშიც უწრფელესი,
სიმართლისთვის მეომარი
ლექსი, იგი ერთი ლექსი.

VII
ერთით, ერთადერთი ლექსით
ერთად ვკონავთ რკინის კონებს,
ერთით, ერთადერთი ლექსით
ერთადა ვწევთ მტკვარის დონეს.
იმ ერთ ლექსით პირუთვნელი
ისტორია მოგვიგონებს -
გულდაგულებს, არა ლაჩრებს...
გვირგვინოსნებს, არა მონებს...
ვაქოთ სიტყვით უმაღლესით
და საქმეშიც უწრფელესი,
დიდი უკვდავებისათვის
მეომარი ერთი ლექსი.

VIII
დეე, ჩვენი ორნამენტით
შეიმოსოს ლექსის ჩარჩო,
დე, ქართული იყოს მარად
ეს ბეტონი და ხარაჩო.
იმ ძეგლს ვერას ვერ დააკლებს
თვით ატომი უილაჯო,
ლექსი მუდამ გადარჩება,
ვით მშვიდობის სადარაჯო.
ვაქოთ სიტყვით უწრფელესით
საქმეშიაც უწრფელესი,
მშობლიური ჩვენი მიწის
ლექსი, იგი ერთი ლექსი!

1955 წლის 27 თებერვალი