შუალედი - დან - მდე
 
 


* * * მთა და ბარად...


მთა და ბარად
          დაფნით მმკობელს,
გმირთა მარად
         უკვდავმყოფელს,
რამდენ განცდას
         და ფიქრს მომგვრის
ახალგაზრდა
         ხმა ოკტომბრის.


რწმენით მაღალ
         გმირთა მხმობელს,
ახალ-ახალ
         რაზმთა მწყობელს,
აპირქვავებს
         ოქროს ტომრებს,
ოქროს ზვავებს
         და ოქტომბრებს.

მარად უგულობის
         მგმობელს,
ჩანგს აღმგზნებს და
         დამატკბობელს,
უვლის ოქროდ,
         მიჰქრის-მოჰქრის
საბობოქრო
         ხმა ოკტომბრის.

ჰანგებს დღემდის
         შეუტყობელს,
გადაკარგულს,
         შეუწყობელს,
მიუმატებს,
         არ გამობრის
ახალ ვალებს
         გზა ოკტომბრის.

არა სხვა მტრის
         და მეკობრის,
არამედ ძმის
         და მეგობრის
რამდენ განცდას
         და ფიქრს მომგვრის
ხმას მიაწვდის
         კვლავ მამობრივს
სათაყვანო
         გზა ოქტომბრის!

[1954]