შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ვაშა მშობლიურს...


ვაშა მშობლიურს, განუქრობელს
შენს გმირულ ნათელს -
შენს უბრწყინვალეს, უსაყვარლეს
გზებით მსვლელობას!
ოცდაჩვიდმეტის აღგზნებული
წლის სიდიადეს,
შეურყევლობას, თავდადებას
უძლეველობას!

ყოველ ოქტომბერს ბევრის მგრძნობი
გული არ მითმენს...
რა მოგონებებს სანეტაროს
ეს დღე არ მომგვრის!
გზების გამკვეთად სივრცეებში
ვგრძნობ ცხრაას ჩვიდმეტს,
და ბრწყინვალე მზეს, მარადის მზეს
ყოველ ოქტომბრის...

გამოიჭედა სამუდამოდ
ეს დიდი ბრძმედი;
თავდადებული მებრძოლები
რომელთ რიგიდან -
მე სმოლნში მახსოვს მეგობრები
ყოველ თექვსმეტი,
ყოველ თექვსმეტი ბედნიერი
რესპუბლიკიდან.

მოგონებებში კვლავ გმირული
ბრჭყვიალებს სმოლნი.
ირღვევა თვალწინ ის წყვდიადი,
ის ბურუსეთი.
ეროვნებათა გარს ჩნდებიან
წყობა ტოლ-ტოლნი.
დაუძლეველი - აწ საბჭოთა -
მოდის რუსეთი.

ამ მწყობრში გრძნობდნენ მაშინაცა
თავს ერთნაირად,
აქ - „Да здравстует, Да здравстует, -
ისმის, - Грузия!“
აქ იმაღლებდა თვის მეგობრულ
ხმას უკრაინა,
აქვე მხარს უდგა მას თანაბრად
ბელორუსია!

რა აღტაცების არსმენილის
ხანა გველოდა...
ჩვენ მოგვეგებნენ სიხარულით
დროშები სმოლნის -
როს მოვიტანეთ მშობლიური
საქართველოდან
ნათელი დროშა, ბრძოლის დროშა
კავკასიონის!

აქ ეშლებოდა უახლესი
ბრწყინვალე არე,
თექვსმეტ შემოქმედს სახელოვანს,
თექვსმეტ ხელოვანს,
დაე, მღეროდეს ამ თექვსმეტში
ისეთი მხარეც,
როგორიც ჩვენი ბედნიერი
საქართველოა!

ემატებოდეს, ეზრდებოდეს
კვლავ დროშებს დროშა,
და ერთად ჟღერდეს დიდი ჩანგის
მრავალი სიმი...
აღიმართა და არ დაემხო,
არ დაითოშა
ხუთქიმიანი ვარსკვლავეთის
წრფელი ციმციმი.

ვაშა მშობლიურ, განუქრობელ
ოქტომბრის ნათელს,
მის უბრწყინვალეს, უსაყვარლეს
გზებით მსვლელობას -
ოცდაჩვიდმეტი აღგზნებული
წლის სიდიადეს,
შეურყევლობას, თავდადებას,
უძლეველობას!

1954 წლის 1 ნოემბერი