შუალედი - დან - მდე
 
 


* * * რტოო პალმისა...


რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო!
აქ ზვირთი ზღვისა ჟღერს უბოლოო.
აქ სიმშვიდეში ხედავ აღგზნებულს
სანაპიროებს გაჩირაღდნებულს.
აქ გემებია და ზღვის ქედები,
იქ, შორს, ძლიერ შორს, როს იხედები, -
სჩანან უსაზღვრო სივრცედ ნადები
სასაფლაოთა მირიადები...
კანკალებს გემთა შემკრთალი ალი.
შენსკენ მხარულით მოსცურავს ქალი,
გრიგალი წეწავს მის თმათა გიშერს -
იგი გეძახის, იგი ხელს გიშვერს,
გამწარებული და უსასოო...
რტოო პალმისა, მშვიდობის რტოო!

1953 წლის 21 ნოემბერი
 სოხუმი