შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შეხედე: ხარობს მხარე...


შეხედე: ხარობს მხარე ბრწყინვალე,
წარსული, აწმყო და დიდი ხვალე
    ამ ახალწლის დღეს.
აღმშენებლობა მთათა და მდელოთ
პირველ ყოვლისა ჩვენ ვადღეგრძელოთ.
    გაუმარჯოს მზეს!

იწყება ახალ დღეთა ფაზისი,
უფრო კარგი და ულამაზესი,
    უფრო ფაქიზი.
ვის შეუძლია დაასახელოს
უფრო დიადი და სასახელო,
    უსპეტაკესი!

წიგნებში წრფელად არ მღერის განა
განახლებული ჩვენი ქვეყანა
    თვალუწვდენელი!
სწრაფია მხარე მშენებლობაში,
ვით ჩქარი შედის მდინარე ზღვაში,
    ისე ეს წელიც.

მშვიდობა სწვდება მთასა და ხევებს,
სიუხვით ვთვლიდეთ ახალ მიღწევებს,
    ლელოს გატანას,
რომ კიდევ მაღლა მიჰყავდეს დრო ჩვენს
დიდი მშვიდობის ყოველ მედროშეს,
    ჩვენს ძვირფას ხანას.
 
[1952; 1957 წლის 14 აგვისტომდე]