შუალედი - დან - მდე
 
 


* * * გამოდიხარ სცენაზე...


გამოდიხარ სცენაზე
ისე, როგორც წესია,
მაგრამ მთელი დარბაზი
გრგვინავს. რა მიზეზია?
გამოდიხარ სცენაზე,
ფართო ასპარეზია.
- წაგვიკითხეთ „ატმები“.
- „მერი“, უმჯობესია!
- გვინდა „ლურჯა ცხენები“,
უმათოდ ხარვეზია.
- გვინდა „მთები გურიის“,
ის მაგარი ფესვია.
- წაგვიკითხეთ „მთაწმინდის
მთვარე“... ძველი ლექსია,
მაგრამ განა აქ საქმე
მარტო სიძველეზეა?
- „მე და ღამე“ - ეს არის,
თუ არის პოეზია!
- „მესაფლავე“ - უხუცესთ
ძველთა უხუცესია.
რა ვუყოთ, რომ ბევრი რამ
ხსოვნად უმწარესია.
წაგვიკითხეთ ლექსები,
ხალხში რაც გითესია.
წინად მთვარე ნათობდა,
ეხლა თუ ხრამჰესია.
- წაგვიკითხეთ „ეპოქა“,
რაც ოქტომბრის მზეზეა,
რაც კი სიწრფელეზეა,
რაც კი სიუხვეზეა,
რაც კი სიმაგრეზეა,
რაც კი სიმართლეზეა,
რაც კი სიწმინდეზეა,
რაც კი სინათლეზეა,
რაც გულთ სიმძაფრეზეა და
სულის სიმაღლეზეა.

[1952 წლის დეკემბერი]