შუალედი - დან - მდე
 
 


* * * როს ვუმღერით, მეგობრებო...


როს ვუმღერით, მეგობრებო,
საქართველოს ახალთ-ახალს,
როს ვუმღერით ჩვენი ქვეყნის
მშენებლობას, ცამდე მაღალს,
როს გვიყვარს ის, ვინც იდეას
სასოებით გულს ინახავს,
ვინც მხარს უჭერს ყოველივეს,
რასაც წმინდას დაინახავს -
ვაქოთ სიტყვა-ძარღვიანი,
საქმეშიაც არ-გვიანი,
კომუნისთვის თავდადებით
მეომარი ჩარკვიანი.

ერთგულ მებრძოლს სტალინისას
და ბერიას მარჯვენა ხელს -
ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხე
ახსენებს, ვით სპეტაკ სახელს.
მშვიდობა სურს არე-მარეს:
ბავშიც კი, როს თვალს გაახელს -
დაინახავს მთიდან ზღვამდის,
შრომას მედგარს და ხელდახელს.
ვაქოთ სიტყვა-ძარღვიანი,
საქმეშიაც არ-გვიანი,
კომუნისთვის თავდადებით
მეომარი ჩარკვიანი.


სული ქართულ ზნეობისა
და სიწმინდე დედა-ენის,
გულწრფელობა უდიადეს
ჩვენი დროის დროშას ჰშვენის.
აქ იყო ყრმა გულმართალი,
მომწყურვალე შუქთა ფენის,
იზრდებოდა ფრთები ყრმისა,
აწ განმგრძობი დიდი ფრენის.
წინ გავსწიოთ გზით მზიანით,
ჩვენ მიგვიძღვის მხნე, სვიანი
კომუნისთვის თავდადებით...
მეომარი ჩარკვიანი.

1951