შუალედი - დან - მდე
 
 


წითელი მოედანი


იქ ვდგევარ,
სადაც მავზოლეუმი
აღმართულია,
ვით დროშა ჩვენი.
შთაგონებათა
მთელი ხვეული
შენით იწყება,
უკვდავო ლენინ!

შენ გვერდით გედგა
დიდი სტალინი
რარიგ მედგარნი
შეიქნენ გრდემლნი,
დაჰკრა დრო-ჟამმა
და კაპიტალი
ძირფესვიანად
შეირყა, ლენინ!

მახსოვს აქ, სადაც
მავზოლეუმი
აღმართულია,
ვით დროშა ჩვენი,
ცხრაას ჩვიდმეტით
დიადი კრემლი
ვით გუგუნებდა,
უკვდავო ლენინ!

მავზოლეუმი.
კრემლი. ხალხია -
ყოველივე ეს,
დაუძლეველი!
კომუნიზმისკენ
რომ შეარხია
გზა ნათელ დროშით,
უკვდავო ლენინ!

საბჭოთა მხარე -
ეს სათავეა
მრავალ ბრძოლების
და აღმაფრენის,
ქებათა ქება
გერბს ვარსკვლავიანს,
ძვირფასო ლენინ!
უკვდავო ლენინ!

[1951 წლის 6 ნოემბრამდე]