შუალედი - დან - მდე
 
 


ნასაკირალთან


არა სასახლე,
ოქროს ჩარდახი,
სიმდიდრეების
რომ სადგურია,
შენი გურია
არის პარტახი,
პალიასტომი
არის გურია!

მის ნასაკირალს
სახალხო ჯანყი
აღძრავს, აღელვებს
და აპირქუშებს,
მისთვის მებრძოლი
ჩაგრული ხალხი
ვერ თვლის ჭრილობებს,
ვეღარ იშუშებს!

არა დათმობის
გზა საზიზღარი,
არა დანდობა
და შერიგება,
არამედ ბრძოლის
გვინდა ცისკარი,
გვწყურია შებმა
და შურისგება!

უნდა გაირღვეს
ეს გარემოცვა...
ძირს მეფეები,
ყეენი, ფაშა!
მიმავალს წასვლად
გზათა დალოცვა,
მომავალს ჩვენი
მხურვალე ვაშა!

[1951 წლის 6 ნოემბრამდე]