შუალედი - დან - მდე
 
 


მშვიდობა


კარი წიგნის თუ
მშვიდობის ბჭენი
შენ ყოველივე
სიბრძნითა ჰქმენი:
შენის მეოცე
საუკუნითა
დიდ არს, სამშობლოვ,
სახელი შენი!

ქვეყნად უკვდავი
სინათლის მფენი
ჩანგის და შრომის
მშვენებით ჰშვენი!
ქებათა-ქება,
ქებათა-ქება,
დიდ არს, სამშობლოვ,
სახელი შენი!

გადიშვი არა -
მცირეოდენი
ომის ქარ-ცეცხლი,
განსაცდლის დღენი,
ქებათა-ქება,
ქებათა-ქება,
დიდ არს, სამშობლოვ,
სახელი შენი!

ვით არ ვადიდო
ქართველთა ზნენი,
მშვიდობას ლოცავს
აქ ყრმა და ბრძენი.
ქებათა-ქება,
ქებათა-ქება,
დიდ არს, სამშობლოვ,
სახელი შენი!

[1951 წლის 6 ნოემბრამდე]