შუალედი - დან - მდე
 
 


ძველი წისქვილის ქვა


ეს წისქვილის ქვა,
ეს წისქვილის ქვა!
რამდენს ითვლის დღეს
ფიქრი სხვადასხვა.

მზე კარებთან თვლემს,
მოტეხილი თხემს
მოაქვს პაპაჩემს
ეს წისქვილის ქვა.

გასაფრენად მზა
შევცქეროდი ცას,
მაგრამ ჰკრავდა გზას
ეს წისქვილის ქვა.

გავცქეროდი ვრცელს,
ფაზის ჭალა-ველს,
მაგრამ მება ყელს
ეს წისქვილის ქვა.

ვთქვი: გავცდები ხევს,
ძალას ძალა ძლევს,
უძრავად რად დევს
ეს წისქვილის ქვა?

დავიგროვე სხვა
ქარტეხილი, ზღვა.
დატრიალდა მსწრაფლ
ეს წისქვილის ქვა.

გაჰქრა გულის წვა,
ობლის კვერი ცხვა.
აწ ტრიალებს, რბის
ეს წისქვილის ქვა.

არის ხეთა რგვა,
არის ველთა რწყვა.
ყანებს უმღერს ვრცელს
ეს წისქვილის ქვა!

[1951 წლის 6 ნოემბრამდე]