შუალედი - დან - მდე
 
 


მთიბველი ქალი


ერთი ახალგაზრდა ქალი,
მოხდენილი - როგორც შველი,
ცვარ-ნამიან ბალახებზე
მიდიოდა ფეხშიშველი.
ანათებდა მთა და ველებს
გამოხედვა მისი სულის,
მიდიოდა ნაკადის პირს -
თვით მსგავსება ნაკადულის.
მიდიოდა - სადაც ლაღი
ბაღი იყო დანამული,
მიდიოდა - სადაც ედემს
აყვავებულს ჰგავს მამული.
დადიოდა გაბრწყინვებულ
სახით მობიბინე ველად,
ხელში ცელით მიდიოდა
და მღეროდა უზრუნველად.
ამდგარს დილის მზესთან ერთად -
ჯერ არ სურდა წასვლა შინა,
და დაღალულს თივის თიბვით
ჩრდილქვეშ მკლავზე მიეძინა.
ზენა ქარი ამოვარდა,
უცნაური ქართაგანი,
შეურხია ქალს დალალი
და განაკვთა ლერწმის ტანი.
ამ დროს, გმირი და მხატვარი
მთიდან მოდიოდა მწყემსი,
დაინახა, გულში გრძნობა
აუდუღდა უშმაგესი.
უნაზესს და ულამაზესს,
სიზმრებში მყოფს, პირმცინარეს,
მწყემსი იგი, მოხიბლული
დააცქერდა ქალს მძინარეს.
და იფიქრა: ამაზე კარგს
რას შექმნისო ჩემი ხელი!
მსწრაფლ შეუდგა ქალის ხატვას
მგზნებარე და გულფიცხელი.
რაც დახატა, იმის მსგავსი
არ არსებობს ქვეყნად დღემდე -
კმაყოფილმა თავის ნიჭით
ვეღარ მოითმინა, - შემდეგ
გააღვიძა: ორთავესი
გული მოჰყვა ტრფობის ბადეს,
და სულ მალე მათ ქორწილი
დიდებული გადიხადეს.
აწ ცხოვრობენ უდარდელად,
უმადლიან დღეთა დენას.
სურათი კი ახლაც ამკობს
ჩვენს სამხატვრო გამოფენას.

[1951 წლის 6 ნოემბრამდე]