* * * მთაწმინდიდან გაღმით...
მთაწმინდიდან გაღმით
ვხედავ თოვლის ლივლივს,
ვგრძნობ ელეკტრონაღმით
გადალეკილ ტფილისს.
ჭადრებს თოვლი ნამავს,
ვარსკვლავებიც ქედის
რუსთაველის ლამაზ
ხეივნებში შედის.
როგორც ნაზი ხავსი,
გარდავლილი ავდრის -
გაზაფხულის მსგავსი
თოვლი მოდის ზამთრის.
ჰშვენის მელქიორის
ტფილისს თოვლის ტვირთი,
ძველ ზღუდეთა შორის
თრთის სიცოცხლის ზვირთი.
[1950-იანი წლები]