ელეგია დღევანდელი
შენს მთაწმინდაზე მდგარი,
მამადავითის მართლის -
ზე-აღმართულა ჯვარი,
დედაქალაქო ქართლის!
მაინც რა არის ნეტავ,
მისი გენიის დება?
მე მას ყოველდღე ვხედავ,
მე ის ყოველგან მხვდება.
მისდევს ღალატთა წყება
ბილიკს იმ ვიწრო ქოშის -
და ქარში მიაქვს ვნება,
როგორც ნაფლეთი დროშის!
დილით კი ჰქრება კვარი
მეხრის, მგოსნის და სარდლის;
ზე აღმართულა ჯვარი,
დედაქალაქო ქართლის!
[1950-იანი წლები]