შუალედი - დან - მდე
 
 


19 ოქტომბერი


ვით არ მახსოვდეს!
არავითარი
ქარი არ ჰქროდა,
ზღვა იყო წყნარი
და რამდენიმე
ათას ქალ-ვაჟს ვერ
იტევდა სახლი,
ზღვის პირად მდგარი.

ახალგაზრდობას
სცენაც აევსო,
დარბაზს იქითაც
გაშლილი ეზო
უსმენდა მგოსანს.
გვქონდა შეხვედრა -
არა უბრალო
და უმიზეზო.

არა! თაობა
აგზნებულ გზებზე
დღეს ადიდებდა
ქვეყნის მეექვსედს,
ხალხს, საქართველოს,
სახალხო მიზანს,
დიად სამშობლოს
და მის მელექსეს.

სიმართლეს კერას
ვინ გაუციებს,
თუკი მოვლენებს
მიზეზს უძიებს.
ჩვენ ვსაუბრობდით
მშვიდობის გზებზე,
ჩვენ ვიგონებდით
რევოლუციებს!

ასე ბრწყინავდა
დიადი მცნება -
რომ მოქმედება
და მოსაზრება
ყოველი წევრის
ერთი მიზნისკენ
ერთი შეგნებით
განისაზღვრება.

ამაღელვებელს
და მოკრიალეს
ცხადად ვხედავდი
სიმართლეს ხალასს -
მხოლოდ ერთობა
ცალკეულების
წარმოადგენს დიდს,
უძლეველ ძალას!

ამგვარად ჟღერდა
დაუვიწყარი
იმ ახალგაზრდა
მგოსნების ქნარი,
როს რამდენიმე
ათას ქალ-ვაჟს ვერ
იტევდა სახლი,
ზღვის პირად მდგარი.

[1950 წლის 19 ოქტომბერი; 1951 წლის 6 ნოემბრამდე]