* * * რისთვის მაგონებ...
რისთვის მაგონებ, ვაზზე
მიმობნეულო ნამო,
ცრემლებს, დადენილს მძაფრი
ახალგაზრდობის გამო?
მზემ ამოაშრო ნამი
და შლის საღამო ამო
ცთომებს, ჩადენილთ როსმე
ახალგაზრდობის გამო!
მეტყვით: ეს იყო სრული
და მშვენიერი რამო,
რაც თავს გადაგვხვდა მხოლოდ
ახალგაზრდობის გამო.
ის გაზაფხული გაქრა,
მეგი, იარე, წამო!
აქ ხმაურობდა ტალღა
ახალგაზრდობის გამო...
1950 წლის 26-27 სექტემბერი
სოხუმი, სასტუმრო „რიცა“