შუალედი - დან - მდე
 
 


აჰა, მივაღწიეთ


აჰა, მივაღწიეთ
მწვერვალს ნაპრალისას,
კიდევ რამდენიმე
წამმა გაიარა.

სანამ ბერიკაცი,
სახით საბრალისით,
ძლივს სულს მოითქვამდა,
ოფლით გაიღვარა.

შემდეგ მოკრძალებით
მითხრა: ნუ დამაკლებ
თუთუნს, მომაწოდე.
გმადლობთ, ესეც ჩრდილი.

ამ გზით ავდიოდი
სწრაფად, არანაკლებ,
ვინემ ახალგაზრდა
ჩემი შვილიშვილი.

მაგრამ ამ ადგილას,
კლდე რომ გადუწვდია,
მახსოვს ისეთი რამ
ძველი ვადიდანა,

რაიც კარგა ხნის კაცს
ბევრს არ განუცდია.
და ვინც განიცადა,
ვეღარ გადიტანა.

მაინც ჭაპანზიდვამ
მე ვერ დამაბერა,
მუხლთ ვერ მომიკვეთა;
კიდევ გამახარებს

ამ მთით გადახედვა,
თუ რა მრავალფერად
ახალს ეფინება
სხივი ველ-ბაღნარებს.

[1950 წლის 14 სექტემბრამდე]