უკანასკნელი ზამთარი
უკანასკნელი დღე არის ზამთრის -
ყინვის სიფიცხის; სველი სიავდრის
მკაცრი სიზმარი...
კალენდარს ოცდარვა თებერვალი
მოსწყდა - სუსხიან ქარის მბერვალი,
მჭლე, საზიზღარი!
საამურია ცნობა კალენდრის:
მოლურჯო ყინვის და თოვლის თეთრის
გვაუწყებს დნობას.
თებერვლის ოცდარვა რიცხვის ფურცელს
ვაცლი და ვხედავ გაზაფხულს უვრცესს,
სიცოცხლის გრძნობას!
უკანასკნელი დღე არის ზამთრის -
ყინვის სიფიცხის, მკაცრი სიავდრის,
ვშორდებით ზამთარს!
გვეცლება მკერდით სიცივე ლოდის...
მაისი მოდის, მაისი მოდის:
დავკრათ საზანდარს!
[1950 წლის 28 თებერვალი]