შუალედი - დან - მდე
 
 


*** გმირული ხალხის...


გმირული ხალხის, საყვარელ ხალხის,
ჩვენი ქართველი ხალხის სახელით,
სტალინ! გილოცავთ წელთა სიახლის
დაწყებას, გულის მთელის ძახილით!

სივრცენი ველთა და კლდეთა ქიმნი,
ბუნება, სახე ყოველი ტანის -
ეს არის ჰიმნი, ეს არის ჰიმნი,
ვუმღეროთ ჰიმნი ჩვენს ძვირფას სტალინს!

კრემლის საათი! რა მხნედ, რა მარჯვეთ
სამამულო ომს ხვდებოდა წუთი:
"ჩვენ გავიმარჯვებთ, ჩვენ გავიმარჯვეთ,
ჩვენ გავიმარჯვეთ! სალÁუტს - სალÁუტი"!

დიდებულია კრემლის საათი!
მითი დღეს რეკავს კოშკი და ველი:
სამოცდაათი, სამოცდაათი,
სამოცდაათი შესრულდა წელი!

ერთა ძმობაა პირველი მცნება,
ვინც შეჰქმნა იგი, პირველად, წრფელად,
ქებათა-ქება, ქებათა-ქება,
ქებათა-ქება ჩვენს ძვირფას ბელადს!

ჰხამს შეტევა და არდარიდება
ექვსას მილიონ კაცს ერთად მკრებელს.
დიდება, კიდევ ქება-დიდება
ამფეთქებელს და შემკავშირებელს!

გზით, გაკვალულით, თამამად მიდის
სამოცდაათი წელი დიდებით -
მებრძოლის დიდის, გენიის დიდის
სასწაულების მაგალითებით!

სტალინი ყოველ მხნე კომუნისტის
უმშვენიერესს მიმართავს სახელს:
ეპოქა გვიცდის, ეპოქა გვიცდის
და ითხოვს საქმეს სულ ახალ-ახალს!

სტალინს, რომელიც წრფელია გულით,
ვისიც სიმართლის ჰწყავს საწყაული,
დიდი გუგუნით, სრული გუგუნით -
ელის მსოფლიო დღესასწაული!

გამჩაღებლები ომის, ვინც წინას
ანადგურებს გმირთ და სუნთქავს ძლივას,
შეხვდება მალე ფოლადს და რკინას,
და უდიადესს ჩვენს პერსპექტივას!

აჰა, გაისმა ასეთ დღისათვის
სიტყვა, სიმაღლის სივრცედ შემდგარი:
მშვიდობისათვის, მშვიდობისათვის,
მშვიდობისათვის ბრძოლა მედგარი!

ის დღეა, ოდეს მსოფლიო მხატვრებს
აღფრთოვანება შემატებს თემას -
თავისუფლების იდეებს, ნატვრებს,
ნიჭის, ღირსების პატივისცემას!

და იქაც ხალხის დიდი იერი
მალე ამაყად დროშებს ჩაუვლის:
მონახა ფერი, შეიგრძნო ფერი,
ფერი საბჭოთა დღესასწაულის!

და სიამაყე, სიახლეთ ტალღის
კაცობრიობის ხმად გასწვდენია -
გმირული ხალხის, საყვარელ ხალხის,
ჩვენი ქართველი ხალხის გენია!

[1949]