შუალედი - დან - მდე
 
 


სიმღერა 1 მაისის


მღერის მაისი თავის მძლე და გმირულ ბუნებით,
მას უერთდება მხნე, გულწრფელი ხმა ჩვენი ერის.
რასაც ხალხი გრძნობს თავდადებით და დარწმუნებით,
მას მშვენიერზე-მშვენიერი მაისი მღერის!

პირველი სიტყვა დღეს მისია და მუდამ ასე -
კავკასიონის, ალპებისა თუ ჰიმალაის
მწერვალებიდან და სივრციდან მიწაზე, ზღვაზე
აღფრთოვანებულ დროშების შლით ხვდებიან მაისს!

მღერის მაისი ერთა ძმობას. პირველი რიგით
ლონდონს, ვაშინგტონს, პარიზს ესმის ხმა შრომის კერის,
ეს ხმა გაისმის კუნძულებზე, კუნძულებს იქით,
ოკეანეთა სივრცეებზე მაისი მღერის!

ჩვენში მაისის ეს სიმღერა, დაცული ოდით,
მონაპოვართა არის დაცვა დღითა და ღამით.
მის ბრწყინვალებას ბნელი არ სდევს თუნდაც იოტით,
გზით გადახვევას არ იფიქრებს თუნდ ერთი წამით.

ის ჩვენს ჭრილობებს უუნაზეს მზედ დაადგება,
კვლავ ჩვენი მხარე გამოჩნდება ახალ იერით,
როცა ომისგან დასვენების შემდეგ აღსდგება
მთელის დიდებით, მთელის ნიჭით და სიძლიერით.

მაისს დიდ გზაზე დამფარველი ფრთით ეფერება
არა ომები, არა მტრობის ჟინი მედროვე,
არამედ ერთი უმაღლესი გონიერება
და სამართალი, უაღრესად თანამედროვე!

მშვიდობა ერთა! არა ჟლეტა და არა ომი,
არა ცხოვრება პირსისხლიან თანამგზავრებით,
არა გზა მარად ეკლიანი, არა ატომი,
ერების ჩაგვრით, ულმობელთა ომთა ჯავრებით!

უმუშევრობით, შიმშილებით და კრიზისებით
კი ვერ მოიხსნის ასე მძლავრად შემბოჭავ ჯაჭვებს,
უუფლებობით და ათასის ერთზე მისევით
ხალხის მიწასთან გასწორებით დღე ვერ იმარჯვებს!

აწ გააფთრებულს ამნაირი აზრით და ნდომით
თარეშს უმართლოს სადიდხანო არა აქვს ძალა.
იმპერიალიზმს, ასე მავალს, მბორგავს სულ ომით,
ეცვალა მხარი, უსათუოდ მხარი ეცვალა!

ჩვენს მხარეზეა დიდებული ჩვენი მაისი,
არა ამაოდ მას დროშებმა გადაუარეს;
ურცხვია მტერი და პასუხი მან საკადრისი
დიდი მიიღო და მიიღებს კიდევ უარესს!

ჩვენ ხალხთა ძმობის, მეგობრობის და მშვიდობიან
შრომას მიცემულ მშობლიური, საყვარელ მიწის
სახელით ვდგევართ აქ. მართალი გული მგრძნობია,
გულმა ყოველი ახალი დღე წინასწარ იცის -

თუ რისთვის ვდგევართ, - ახალ დროთა გზაჯვარედინზე,
იმიტომ ვდგევართ და იმიტომ ვეძლევით ხალისს,
რომ იმედით ვჭვრეტთ, ამომავალს, მრავალთა ჯინზე
შეუდარებელს და ბრწყინვალეს, დიდებულ ხვალეს.

ვდგევართ დროშებში და ვუცქერით მრავალზე-მრავალს
მთელის წარსულით და აწმყოთი დიად მომავალს.
მომავალს, ასეთ ბრწყინვალებით მოახლოებულს,
სტალინის დროშით მსოფლიოში დიდებით მავალს!

მღერის მაისი თავის მძლე და გმირულ ბუნებით,
მას უერთდება მხნე, გულწრფელი ხმა ჩვენი ერის;
რასაც ხალხი გრძნობს თავდადებით და დარწმუნებით,
მას მშვენიერზე-მშვენიერი მაისი მღერის!

1949