აკაკი და ილია ზღვის პირად
დადგა ზღვის პირად, ვით ბუმბერაზ მუხების ლანდი -
ორი დიდი ხნის მეგობარი, ორი გიგანტი...
ქცეული ღელვად -
აკაკი ამბობს აღშფოთებით: „ნეტავი ოდეს
აღსდგეს შავი ზღვა და შავ მელნად გადიქცეოდეს,
უშრეტელ მელნად -
რომ მისით უხვად სარგებლობდეს პატიოსანი
კალმის მებრძოლი, ყველა გმირი, ყველა მგოსანი,
ხმა იყოს გრგვინვის -
პრესა მღელვარე დაუმცხრალად სწევდეს ქველობას,
და მით არყევდეს რუსთ საზიზღარ თვითმპყრობელობას,
ტახტსა და გვირგვინს!“
„ესეც მოხდება! - უპასუხებს დიდი ილია -
ჩვენი ცხოვრებაც ეხლა ღელვა და ჭიდილია,
მარადი "ვინ - ვის".
გახედე სივრცეს... მთელი ეს ზღვა - ნეტავი, ოდეს
ერთ უზარმაზარ არყის ქვაბად გადიქცეოდეს...
მაშინვე ხარბი -
მსწრაფლ, უფიქრებლად გადეშვება ხელმწიფე რუსი,
შიგ ჩაიხრჩვება და გაჰქრება, როგორც ბურუსი -
მისი ჟანდარმიც“.
[1949]