შუალედი - დან - მდე
 
 


მომავალი


თვალებს ნორჩ ლომის უკრთის ფერი ცის,
აჰ, ფეხზე დგომის ჯერ არ აქვს ნიჭი.
ჯერ ფეხზე დგომა კიდევ არ იცის
და თუ როგორმე გადადგა ბიჯი,
დედა იძახის: სდგას ჩემი ბიჭი,
აჰ, ამ მაისის, ამ პატარა მთას...
თვალებში უკრთის ელვარება მზის,
ჩემი ბიჭი სდგას, ჩემი ბიჭი სდგას!

დაცემა არის - ნიშანი ფიცის,
ფიცის, რომ მისი არის ტაიჭი,
რომ მფლობელია ამ დედამიწის,
რომ მას ეკუთვნის ეს მუხა, ფიჭვი,
ატმები, ბზები, ალვა, ნარინჯი,
ველი, რაც აგზნებს თესვასა და მკას -
სულ მისი არის და დედამისის...
ჩემი ბიჭი სდგას, ჩემი ბიჭი სდგას!

ო, ყვავილები პირველ მაისის,
ნიავს მიმოაქვს თაფლი და ფიჭი,
გიყვართ თუ არა დილა თბილისის,
მისი ღრმა რწმენა და მისი იჭვი?
სად არის ნეტა მხატვარი ზიჩი,
დაგხატოს: შენში ტარიელი „ჰკა“-ს
იძახის: ეს ხმა შორითაც ისმის,
ჩემი ბიჭი სდგას, ჩემი ბიჭი სდგას!

ო, ყვავილებო პირველ მაისის,
აქ თვლა არა აქვს ფუტკარსა და სკას,
როგორ გამოთქვამ ამ სიხალისეს...
ჩემი ბიჭი სდგას, ჩემი ბიჭი სდგას!

[1949; 1955 წლის 25 აპრილამდე]