შუალედი - დან - მდე
 
 


ცაცხვი ზღვის პირად


წვიმით ოდეს შრიალია ცაცხვისა,
მიზეზისა გამო სხვისა და სხვისა,

წვიმით ოდეს შრიალია ცაცხვისა,
გქონდეს სული მისი ზეცის და ზღვისა.

ცაცხვქვეშ ვხედავ ორ მხიარულ დაიკოს,
მათგან უფროსს შორით ვიცნობ: მაიკოს.

ცაცხვის ტოტით მოსწყდა ჭიამაია,
ცაცხვის რტოებს ცეკვა აქვთ, სამაია.

ბავშვი იჭერს: „მითხარ, ჭიამაია,
რომელ მხარეს გათხოვდება მაია?“

ბავშვის სახე აღტაცებით გაბრწყინდა,
როცა მწერი ლურჯი ზღვისკენ გაფრინდა;

ზღვისკენ, სადაც ტალღა არ მოდუნდება,
სადაც გემი შორი გზიდან ბრუნდება!

[1949 წლის აგვისტო]