შუალედი - დან - მდე
 
 


აღმართი


სწრაფდახმარების ეტლი,
ნიში ნათელის მცემლის,
ზეაფენილი ღელვა
ლელის, ისლის და ტყემლის.
გახსოვს? ხიდს რომ გავცილდით,
თითქო გულს დასცეს გრდემლი...
ბარათაშვილის აღმართს
ღვარად გადმოსკდა ცრემლი.

ნუთუ ეს არის შენი
ახალგაზრდობა, მეგი? -
მუდამ შიმშილი, სუსხი
და სიღარიბის ლექი?
მთლად გაბზარული გული,
და აგერ უცებ... ჭლექი!
ბარათაშვილის აღმართს
ღვარად ჩამოსდის ცრემლი.

უნდა მოშორდე ისანს.
ჩქარა! წავიდეთ ზღვაზე,
უნდა იცოცხლო, უნდა,
მე არას ვფიქრობ სხვაზე...
აქ კი, ისანთან, მწარე
მოგონებებით სავსე
ბარათაშვილის აღმართს
ღვარ-ღვარად მოსდის ცრემლი.

ჩქარა! წავიდეთ ზღვაზე,
ვძლიოთ შავბედის წყრომა,
გადავარჩინოთ გული,
რომ დაგვისერა ომმა!
ნუ დაღონდები, ისე
გაჯანმრთელდები, რომა
ბარათაშვილის აღმართს
შვების გადმოსკდეს ცრემლი!

[1949 წლის აგვისტო]