შუალედი - დან - მდე
 
 


ასი წლის ჭადარი


აი მართლაც ჭადარი.
დიდებული ჭადარი.
ცათამდის აღმართულა,
მისი მსგავსი სად არი?

იტყვიან ამ ხის მსგავსზე:
სიტყვები არ გვყოფნისო,
ზოგი ხეა ისეთი -
ადამიანს სჯობნისო.

მიყვარს მე ამ ჭადრის ქვეშ
ტკბილი ჩრდილის მიგნება.
- პაპა, ნეტა ეს დევი
რამდენი წლის იქნება?

- შვილებო, ეგ ჭადარი
ჩემი ხნის უნდა იყოს.
ჩემისა და ამ ჭადრის
დრო არ უნდა გაიყოს.

- პაპა, რას გვეუბნები,
ეგ ხუმრობა რისაა,
ან საიდან იცი, რომ
იგი შენის ხნისაა.

- იქიდანა, შვილებო,
რა დღესაც დავიბადე,
სწორედ იმ დღეს დაურგავთ
და ერთად აღვიზარდეთ.

ასე იყო, და მოხდა
ამბავი სანაქებო
ათას რვაას ორმოცდა-
რვა წელს, ამხანაგებო!

- ათას რვაას ორმოცდა-
რვა წელს. საკვირველია.
ეს ხომ საუკუნეა,
ეს ხომ ასი წელია.

ერთ დღეს დაბადებულხართ
შენა და ეგ ჭადარი.
ერთადაცა გაზრდილხართ
ერთმანეთის სადარი.

გიყვართ ხომ ერთმანეთი.
კარგ ძმობას რა სჯობია.
წახდება - მეგობრობის
ვინაც უარმყოფია.

ტოლსა და სწორს დღეები
ერთად გიტარებიათ.
ავდარი განგიცდიათ,
გამოგიდარებიათ.

იყო ბევრი ამინდი
წვიმიან-მტვერიანი,
უფრო მეტი კი, ალბად,
დღეები მხნე, მზიანი.

რა სჯობია იმ წარსულს
განათებულს სხივითა,
რაზედ ამოიოხრე,
პაპა, რა მოგივიდა?

- შენ წეღანა სიტყვა სთქვი,
მან სევდა შემაპარა.
- რა სიტყვა ვსთქვი ისეთი,
რაი, პაპა, აბა, რა!

- სთქვი: მასზე იტყვიანო,
სიტყვები არ გვყოფნისო,
ზოგი ხეა ისეთი -
ადამიანს სჯობნისო.

გამახსენდა: მე ერთხელ
ასე მეუბნებოდენ:
(მე მგონია, რომ განგებ,
თორემ ვით შესცდებოდენ?)

- არა, ეგ ხე არასგზით
ხნის არ არის შენისო.
მოდი, დავნაძლავდეთო,
ისე, როგორც შვენისო.

ცხრა ჭადარსა უკეთესს -
ჰღირდეს ამ ერთ ჭადრათო,
გაძლევთ სამაგიეროს,
ეს ხე კი გადავჭრათო.

ხეს შიგნით აქვს რგოლები,
როგორც უცხო განგება,
რითაც ხის ადვილია
წლოვანების გაგება.

გადავჭრათო! ვერა ვქმენ!
მზე არის თუ ნისლია,
მე უმისოთ მოხუც კაცს
ვერსად ვერ გამიძლია.

ჩემთვის მისი შრიალი
ავდარშიაც დარია,
გადავჭრათო! რას ამბობთ,
სიყრმის მეგობარია...

ძნელი არის, შვილებო,
იმ დროის მოგონება,
უმართლობის, დარბევის
და სიბნელის მონება.

აქ ერთ დროს, ძველისძველად,
ტყე იყო უდაბური,
იდგენ წნელის ფაცხები
ჭვარტლ-კვამლით დანაბური.

ოი, ის შავბნელი დრო!
ერთი ოდა რა არი,
ისიც კი რომ არ იყო,
ვგრძნობდით მე და ჭადარი.

ო, ნუ მეტყვით წარსულის
წყევა-უკუღმართობას.
მოვესწარი სიახლის
დაუჭკნობელ ვარდობას.

ასი წელი გავიდა,
როგორც ქროლვა წუთისა,
მკითხავთ, რამდენი წლის ხარ?
გეტყვით: ოცდახუთისა.

სიხარულსა განვიცდი,
რომ დადგა დრო ისეთი,
რომ ხარობს მოდგმა ჩემი,
რომ ჰყვავის აფხაზეთი.

რომ გვაქვს თავისუფლება,
განათლება-შვენება,
მეგობრობა, ხალისი,
შრომა და დასვენება.

უხვზე უხვი, მდიდარი
მოსავალი მზად არი,
ვწევ ქარვისფერ თამბაქოს,
და თავს მადგას ჭადარი.

უბადრუკი ფაცხები
შეცვლილია ოდებით,
რომ აქ სული აღმომხდეს,
ნუღარ შეგეცოდებით.

ფორთოხალი, ლიმონი,
რხევა ვაზის ადრისა
ყველაფერი ჩვენია -
მე და ჩემი ჭადრისა.

პლანტაცია, ყანები,
ევკალიპტი, ხეხილი,
ტუნგო თუ მანდარინი,
სიმინდი შეტეხილი.

მიწა ბარაქიანი -
ბეღლები რომ ჰფენია,
მე და ჭადარს გვახარებს:
ყველაფერი ჩვენია.

ასეთს ერთსულოვნებას,
აქ მოწეულ ჭირნახულს,
ვერა, ვერ შევადარებ,
ჩემს გაგონილს და ნახულს.

შენ კი მეუბნებოდი,
ასე ალერსიანი,
მეტი გქონდა, ალბათო,
დღეები მხნე, მზიანი.

რა სჯობდაო იმ წარსულს,
განათებულს სხივითა
და რომ ამოვიოხრე,
სთქვი, თუ რა მომივიდა?

სხვა რა მომივიდოდა,
რაც თავს გადამხდომია,
ჯაგნართან, ეკალ-ბარდთან,
შამბნართან მიომნია.

აქ ურცხვი თარეშობდა
მხეცი პირგაღებული,
ვიყავი მონადირე
თავზე ხელაღებული.

თორემ ამ ადგილებზე
სხვა ფეხს ვინ დაადგამდა,
მთის ქარაფზე, კეჩხობზე,
ამ სახლს ვინა დასდგამდა!

- პაპა, დიდებული ხარ!
სიტყვას იტყვი რასაცა -
ჩვენსას სჯობნის თხუთმეტსა,
ოცდაათს და ასსაცა.

- ას წელიწადს იცოცხლეთ,
გაქრა ძველი ომის დრო,
დიდმა ბედნიერებამ
სიბერის დროს მომისწრო.

განვვლეთ მე და ჭადარმა
ხანი არამცირედი.
ჩვენებრ მოხარულია
ეს ზღვა და ზღვისპირეთი.

[1948 წლის 8 აგვისტო]