შუალედი - დან - მდე
 
 


* * * ცაო, ზღვაო, ბიჭვინთა!..


ცაო, ზღვაო, ბიჭვინთა!
ნუ ხმაურობთ, დადექით;
ჰაერი გაიჟღინთა
მხიარულ არდადეგით...

მზით სიცოცხლე ხურდება,
მორჩა. მახეს ვეგებით -
ვინ არ ახმაურდება
ასეთ არდადეგებით?

ყოველი დღის, ყოველ თვის -
განა მუდამ ფრთებია?
განა ქვეყნად ყოველთვის
სულ არდადეგებია.

დადექითო იძახით,
გვიპასუხოთ ეგების:
შეიძლება დადგომა
ადრე არდადეგების?

[1948 წლის 8 იანვარი]