შუალედი - დან - მდე
 
 


ასის წლისანი


მრავალ არიან ჩვენში კაცნი
ასის წლისანი,
ეხლაც შრომაა სიცოცხლისა
მათის მიზანი.

მიყვარს ნახვა და საუბარი
ასწლიანების,
მათში ხედვაა ჩვენი მთების
გამზიანების.

- მოვალეობა დიდი მაწევს,
შვილო, მასპინძლის.
შენ ჯერ ნორჩი ხარ, ოცის წლისა,
მე ასოცი წლის.

- ხშირად ჩვენს შორის იბადება
კითხვა ასჯერი -
ჩვენ ვერ გადავჭრით... ასი წლის ხარ,
შენ გადასჭერი.

აბა სთქვი, ვინ არ იამაყებს
წელით ასითა!
მან საუკუნე განიერი
მხრებით აზიდა.

აი, ეს მუხა, მძლავრი მუხა...
სდგას ასწლოვანი.
შორიდანაც სჩანს მუხლმაგარი
და ახოვანი.

- ასეა, მაგრამ რას შემატებს
კაცს წლოვანება,
თუ მასში არ ჟღერს სამართლისა
ახმოვანება,
პატიოსნება და სინდისი,
მტერი, მოყვარე.
გარჩევა კაცის - უცხოა თუ
თანამოგვარე?
ასოცი წლის ვარ, მომსწრე ბევრი
ვაის და უის,
ბედნიერია ქვეყნად იგი,
ვინაც არ სტყუის.
ვსთქვა სიამაყით შემიძლია,
რა დამრჩენია,
ასწლიანს ერთი ტყუილიც არ
წამომცდენია.
ვერ შევეჩვიე ამაო თქმას,
ვერ შევეთვისე,
ამ მთებში ჩემი ცხოვრების გზა
განვლიე ისე.
ასი წლისა ვარ და ოცნებად
არ მქონდა განა -
ახალ სინათლით ანთებული
ჩვენი ქვეყანა!

ხალხი იმ ცეცხლის სინათლეზე
ფიქრობდა სწორედ.
ოცნებობს, ჰფიქრობს, ამირანს ჰქმნის
ეხლა მეორედ.

და ასი წელი შენ ერთ დღეთაც
არ დაგემჩნევა,
თუ ხალხის მიმართ არ გაწუხებს
სინდისის ქენჯნა.

სინდისის ქენჯნა! არასოდეს
არ განმიცდია.
რაა მრუდე გზით სიარული?
არც კი მიცდია.

რომ სამარცხვინო მოგონების
მკლავდეს გენია,
მე არაფერი ისეთი არ
ჩამიდენია.

ვისიც არ სტყუის ბაგე, სული,
გრძნობა სათუთი,
გაივლის მისთვის ასი წელი -
ვით ერთი წუთი.

ამდენხანს ასეთ გზით მივლია,
არ ვიცი აწი, -
ასე ამბობდა ჭადრის ხის ქვეშ
მოხუცი კაცი.

თან ემჩნეოდა: ხვდებოდა და
გული სწყდებოდა -
ახალგაზრდობა ორაზროვნად
იღიმებოდა.

[1948 - 1949 წლის 30 ივნისამდე]