შუალედი - დან - მდე
 
 


ხელოვანთა ხმა


ბედნიერი ხარ! გაქვს ხმის უფლება,
გაქვს უმაღლესი თავისუფლება,
მზიანი ხმაა საქართველოსი,
გულთ ჰარმონიით რომ ეუფლება.

ო, ხელოვნება, ჩვენი განთქმული,
ხმაურობს: მხარე მოსჩანს აღთქმული,
ხალხთა ურღვევი მეგობრობის გზით
მძლე ნაბიჯია წინ გადადგმული.

რას ნიშნავს მედგარ ხმის თანახლება? -
იგულისხმება დღეთ განახლება.
მოსპობს ყოველგვარ უსამართლობას
სიმართლისათვის ხმის ამაღლება.

ვითარ მძლავრია ხმის გამეტება,
მე მომავალით მეიმედება
ქვეყნისთვის მძლავრი და ხმამაღალი,
ლაღი, დიადი შემოქმედება.

ხელოვანთა ხმა, ბრძენი და ქმედი,
ყოველნაირთა ჯაჭვთა დამწყვეტი,
მშვიდობა! - ისმის ხმა უძლეველი,
მშვიდობა! - გრგვინავს ხმა გადამწყვეტი.

ასე მწიგნობრის - ღამეთა მტეხის,
ასე არმიის, მუშის და გლეხის,
მთელს მსოფლიოში ხელოვანთა ხმა
უმეორებელს აგავს ქარტეხილს.
                  
[1947; 1959]