შუალედი - დან - მდე
 
 


დროშები მაღლა!


ვინ უნდა იყოს
ისე მზიანი,
როგორც საბჭოთა
ადამიანი?
ვინ არის ჩვენებრ
თავდადებული,
ჩვენებრ ამაყი,
ჩვენებრ სვიანი?
დროშები მაღლა! მოგროვდეს ყველა,
ოცდაათი წლის მზეა ვარვარა.
მსოფლიო მისგან მოელის შველას...
დროშები ჩქარა,
დროშები ჩქარა!

მშენებლობაა
ლაღი, მზიური,
და ემატება
აგურს აგური.
მხარეს ეკუთვნის
საქმე დიადი,
და სიტყვა წრფელი,
ამხანაგური.
დროშები მაღლა! მძლავრი და სრული.
წინ ერთა ძმობა მიგვიძღვის ახლა,
ოქტომბრის სხივით განათებული -
დროშები მაღლა,
დროშები მაღლა!

ვმღერით სიმღერებს
მძლავრსა და ხმოვანს,
სიმღერა ჰშვენის
მხარეს, ხელოვანს.
სიცოცხლეს ვუმღერთ
მხოლოდ მშვენიერს,
და ვგმობთ სიცოცხლეს
არსახელოვანს.
დროშები ცამდის! იგზნება ალით
მებრძოლთა გული მამულისათვის.
გრდემლით და ნამგლით, ჩანგით და ხმალით -
დროშები ცამდის!
დროშები ცამდის!

მას ემონება
მკლავი, გონება
ბრძოლაა, შრომა
თუ ხელოვნება,
დიადი მიზნით
მიმავალ გზაზე
ჩვენი ფარია
ერთსულოვნება.
დროშები ხალხის, ამაყი რხევით
მისწრაფებაა მრავალი ტალღის.
სიმართლისათვის ფრიალებს ზევით
დროშები ხალხის,
დროშები ხალხის!

არ სცხრება მტერი
ქცეული ჟინად,
მაგრამ ჩვენ კლდე ვართ
ისე, ვით წინათ.
ძირს იგი ომი!
მაგრამ თუ ატყდა
ქვეყნისთვის ომი
მიგვაჩნდეს ლხინად!
დროშებში სჩანან მთანი და ტყენი.
შეგნების ჟამად არ არის დაღლა.
ვადიდოთ ყველამ სამშობლო ჩვენი,
დროშები მაღლა,
მაღლა, სულ მაღლა!

1947