შუალედი - დან - მდე
 
 


ქებათა ქება


ვით, სამშობლოვ, არ ვადიდო
    შენი შრომა - თვითო-თვითო,
ტონა ქართულ ფოლადისა,
    ტონა სული, ტონა ხვითო!
ვით, სამშობლოვ, არ ვადიდო,
    ეს დღეები საამინდო.
არდანდობა მას, ვინც შენი
    მისწრაფება არ დაინდო!

ქებათ-ქება გიძღვნა მინდა!
    გამარჯვებით დაგვირგვინდა
ხალხის ნება, ხალხის ომი
    და უფლება წმინდათ-წმინდა.
ზეცა ვრცელი, მიწა შორი,
    ქალაქების ზესვლა სწორი,
იბრძოდეს, რომ დღეგრძელობდეს
    შენი ველი და მინდორი.

სული ძველთა მხნეობისა,
    ღონე მძლეთა-მძლეობისა,
თავისუფალ სიმღერებით
    სუნთქვა მოსახლეობისა,
გადადუღდეს ძვირზე ძვირი
    ქვა შავი და ქვანახშირი,
ფრთებსა სული უფრო გაშლის,
    გულისცემაც ხდება ხშირი.

სპილენძის და რკინის მადანს
    ხალხის ხელი ქარს არ ატანს.
შრომა იტანს და აიტანს
    გზას, სხვის მიერ ვერასატანს!
ნაპერწკალთა მირიადის
    ოხშივარი ცამდის ადის,
ალი ახალ ცხოვრებისა,
    ალი თუჯის და ფოლადის.

თვალი მიწყივ ვარაუდობს
    ოქროსა და ვერცხლის ბუდობს.
მარჯვე არის ჩვენი გული,
    თუ უნდო მტრის გული მრუდობს.
დიდი გეგმის ერთხელ კიდევ
    ასრულება შენს თავს იდევ -
სიუხვეა მარგალიტის,
    იმდენის, რომ ვერ დაიტევ.

წინ მიიწევს, არ ეფლობა,
    დიდ შენობის მშენებლობა,
სიდიადე ინდუსტრიის,
    ავტოთ შეუსვენებლობა:
ჩაქუჩის და რკინის კავის
    ახლო როცა დაფნა ჰყვავის -
ყველაფერი იქნეს ფერი
    ჯერ არნახულ სანახავის.

სულ ახლო კი - ყანა, ზვარი,
    გაშლილია საძოვარი,
უთვალავი ცხვარი, ცხენი,
    წიგნი, ჩვენი ნაომარი,
მოსავალით გემთა ვსების,
    და ხლართები რკინიგზების,
ყოველივე ნიშანია
    გამარჯვებულ დღეთა გზნების.

და უმძიმეს გემთ ტონაჟი,
    სიმდიდრეთა ამ კონაში
ანთებული ეშურება -
    ხვალის ჭიაკოკონაში!
მრავალ მარაგს თვლის ბანაკი,
    დღე ჰქუხს, როგორც მგოსნის ჩანგი,
ულევია ეს სიუხვე,
    უთვლელია ეს მარაგი.
ხალხის შუქში გადამდენი,
    ტალღა ტალღას ცვლის ამდენი
ველ-სოფელის, მთის და ხევის
    განახლების გადამწვდენი.

შუქი ასე გეღვარება,
    როგორც მიმოელვარება
ძვირფას ქვათა, მშვენიერთა
    ფერთა უხვი მღელვარება...
თვალს სწვავს ალი ფერებისა:
    დრო დადგა და ხალხს ეღირსა
დიდი ხანა, მძლავრი ხანა,
    ხანა ბედნიერებისა!

1947