შუალედი - დან - მდე
 
 


აზრი გენიალური ჰარმონიისა


გრიგალში როგორ ჩამოენათა
    მზეთ რტოვანება,
როგორ ავარდა ოკეანეთა
    ახმოვანება.

როგორ აეშვა გიგანტური
    ტალღების გამმა...
იმ საოცარის, იმ მაგიურის
    მიმღერე რამე!

მსოფლიოს ყველა ხმათა ხვეული
    იძროდა მარად,
ერთ მთლიან ჰიმნად გადაქცეული,
    ერთ მთლიან ქნარად.

ჰიმნად, რომელიც დღეს აღტაცებულ
    ხმით იზეპირებს
იმ საარაკო ომში დაცემულ
    და ცოცხალ გმირებს,

გმირებს, რომელთა მარად შინაარსს:
    დიდს, უუკვდავესს,
იმ გენიალურ ჰარმონიის აზრს
    შესწირეს თავი.

და პოეზია არსებობს, ვიდრე
    დროთ გამგონეა:
ის ჰარმონია უნდა დამკვიდრდეს,
    ის ჰარმონია!

და ჩემი ჩანგიც, ქარითა თუ მზით
    რაც ემართება -
იმ ჰარმონიით მოელვარე გზით
    მიემართება.

[1947 წლის 25 დეკემბრამდე]