შუალედი - დან - მდე
 
 


ორნამენტი


ფანჯრის მინებზე
ქარბუქივით ატყდა ტყეები -
გლედიჩიები,
ზამბახები, ორხიდეები.
გადარეული ორნამენტით
მოირთო მინა.
გარეთ ყინვაა.
ყვავილებიც გადაიყინა.
ორხიდეების მშვენიერი
ლამაზი წრეა,
რომელსაც თბილი
შეიფარებს ორანჟერეა.
დე, გარეთ ქარი თარეშობდეს -
ოთახში თბილა,
და ორხიდეაც ოცნებათა
ბაღში შეჭრილა.
ამბობს: ოცნებავ! რა ამაოდ
დიდხანს გევედრე,
რომ შეგენახა ერთი ფერი:
მშვიდი სითეთრე,
სითეთრე თოვლის, სისპეტაკე
მხარეთ ზემოთა,
რომ მას უმანკო ბავშვის ცრემლი
არ დასცემოდა.

[1947 წლის 25 დეკემბრამდე]