აგე, იმ ჩრდილქვეშ
აგე, იმ ჩრდილქვეშ,
სადაც ძველი, დიდი ცაცხვია,
ჩვენ წინაპართა -
მეომართა სისხლი აცხია.
აგე, იმ მთაზე,
სადაც დევი - ევკალიპტია,
როგორ მოგითხრო,
რა მინახავს, რა განმიცდია.
აგე, იმ ველად,
სადაც რამი და თუთუნია,
როგორ მიგრძვნია,
რანაირი საუკუნეა.
აგე, იმ თხემზე,
სად ბაღია აკადემიის,
ბაღი კი არა - ზმანებაა
და ედემი ის.
აგე, ზღვა მოჩანს,
ზღვა სიცოცხლის და ოცნებისა,
მშობლიური ზღვა... და ხომალდი
მოგონებისა.
[1947 წლის 25 დეკემბრამდე]