შუალედი - დან - მდე
 
 


შენ გმირს უმღერდი


შენ გმირს უმღერდი ღამე და დღეცა...
ვერ დამარწმუნებს გულცივი ზეცა,
რომ შავარდენი თავისუფლების
აღარ არსებობს, მოკვდა, დაეცა!..

ახლა ჩვენს გულში რაც მორევია,
ვერარა სიტყვა ვერ მორევია!
მშობლიურ არეს ჩანგებისაგან
სხივთა სიმკრთალე შემორევია.

მგოსნების გულში მზე არის მკვიდრი,
პატიოსნება არსებობს ვიდრე,
არ არის მკვიდრი პოეტის გულში
სხვა წარმატება და სხვა სიმდიდრე.

წმინდა გულისთქმის გამომსახველი,
გამარჯვებაა შენი ძახილი.
გემშვიდობება, მგოსანო, ხალხი,
შენი ხმის გულში ღრმად შემნახველი!

[1947 წლის 20-24 იანვარი]