შუალედი - დან - მდე
 
 


ჩინეთი


ოკეანეთ ჯერ უბოლოო
უსაზღვრო სარკე,
სარკე სივრცისა იყო ხანა
მრავალ ანთების...
და ნაწილები ათასგვარი
ჰქროდნენ ცალ-ცალკე,
ათასგვარ მნგრევლის და მსოფლიო
სხვა გიგანტების!

მათი შეკრება სათითოოდ
სწყუროდა მხატვარს,
მხატვარს, რომელსაც დიდ სახელად
ჰქვია ცხოვრება...
რა მოფრთხილებით, რა სათუთად
ჰკრებდა ამ ნატვრას,
როგორ სწყუროდა მისი მზე და
სწორუპოვრება!

მხატვარი ნაწილთ უბოლოო
სივრცეში ტრიალს
ამჯობინებდა დაჯგუფებას,
ერთად მოკრებას,
ის გამოუდგა ნაწილების
გრგვინვას და გრიალს,
ის დაერია
ურაგანულ აბობოქრებას!

შებოჭა, შეჰკრა და გალესა
ნაწილთა ზვავი -
ამღელვარებულ ზვირთთ მოწოლით
გაშლილსა და მწირ -
გზად დააყენა ორ მოსისხლედ
ერთმანეთის წინ!
და ორი სახე მეომარი
დასდგა პირისპირ!

აღარ შორდება ამ შეხვედრას
აზრთ შენელება,
ერთმანეთისთვის სამუდამო
ზიზღით, უშორეს
მზერით თვალების უნდობი და
მწარე ცხელება -
შესცეცებია სასიკვდილოდ
ერთი-მეორეს.

აღარ მოხდება განწირული
ბასრი გახელვით
დასაბამიდან დღევანდლამდე
თუ ასე, ოდით -
მათი თვალები სავსე არის
უმძაფრეს ღელვით,
მათი თვალები ენთებიან
მომავალ შფოთით!

დაუნდობელი შეაცივდა
თვალები თვალებს...
ო, რა წამია,
თვალი თვალში
როგორ ეფლობა!!
ერთი მეორეს
არასოდეს არ შეიბრალებს,
თვალთდაშორების
სამუდამო შეუძლებლობა.

ასეთ თვალებით,
ასეთ ქარით
მოსისინეთი
იშლება ძველი,
და ახალი
მოდის ჩინეთი!

1946