შუალედი - დან - მდე
 
 


* * * შუადღისას, როცა ზღვაზე...


შუადღისას, როცა ზღვაზე
ფიქრის მინდა მე მიგნება,
შენი სახლის დანახვაზე
არ დავფიქრდე, არ იქნება.

შეპყრობილი რაღაც გრძნებით -
შენ ვერ ხედავ დღეს უამესს
და დახურულ დარაბებით
ჰქმნი ხელოვნურ შუაღამეს...

რა აბნელებს ნეტა შენს გულს,
როცა ნათელშია ყველა,
რად არ ძალუძს ამ გაზაფხულს
ერთი ობოლ ქალის შველა?

ვიცი: რაღაც მძიმე დარდი
ეუფლება გულს, ძლიერი,
ვგრძნობ: არ ვარდობს შენთვის ვარდი,
სხვისთვის ასე მშვენიერი.

ვიცი მწვავე ეს ნაღველი,
დახურული არის გული,
გამოსავლის ვერ მსახველი
და სიკვდილის მონატრული.

რა ისეთი განიცადა
შენმა დღემ, რომ ვეღარ თბები?
როდის მოხდა, სად ან რადა?
მსურს ვიცოდე და ვერ ვხვდები!

ერთი ვიცი: ხალხს აქვს ღონე,
აქვს სიმღერა, შენ რომ გიყვარს,
ლაჟვარდოვან ფრთების მქონე,
გრძნებიდან რომ გამოგიყვანს.

დაჰკრავს შენი გრძნობის სიმებს,
ის გაგიგებს გულის ზრახვებს,
სიხარულით გაგიღიმებს
და მომავალს დაგანახვებს!

[1946]