შუალედი - დან - მდე
 
 


* * * არა მშობლიურ ზრუნვათა ზემო...


არა მშობლიურ ზრუნვათა ზემო,
არა სიმშვიდით და ნაპირ-ნაპირ,
არამედ მედგრად, ხომალდო ჩემო,
ჩვენ მივსცურავდით ქარის პირდაპირ.

არა ოცნება და ნაზი სული
გიალერსებდა მშვიდობის მსურველს,
არამედ შავი და განწირული
ღამე გახვევდა თავის საბურველს.

და სიხარულიც, ხომალდო ჩემო,
არ ვიცი, ქვეყნად იყო თუ არა,
ზვირთების სკდომამ ჩემს გულს გარშემო
მარტოდენ ნგრევით შემოუარა.

არ აგვევსება გული ვარამით,
ერთი ფიქრია ნუგეშისმცემი:
რომ არა ზეცა - არა, არამედ,
ეს შავი ზღვაა ნუგეში ჩემი.

[1946]