შუალედი - დან - მდე
 
 


ომგადახდილი აფხაზი


აფხაზი ომგადახდილი
სამშობლო მხარეს ბრუნდება.
ცა - გუმბათია ახდილი,
ზღვაც ძველებრ აგუგუნდება.
ცხენით მიმფრენი ვერხვია,
დაბრუნდა, ნაბადს ქარი შლის,
ჯერ დედას გადაეხვია -
მერე ცოლსა და ქალიშვილს.

„დაბრუნდა“ - უცებ გაისმა
ხმა მშობლიური ტყეების.
„დაბრუნდა“ - და ცხრა მაისმა
შორს გასცა ხმა სივრცეების.
„დაბრუნდა“ - გრგვინავს ტალღა ზღვის
მიწასაც მისი თქმა უნდა
და ყველა მხრიდან გაისმის:
„დაბრუნდა, გმირი დაბრუნდა“.

ომგადახდილი ოცნებით
გაჟღენთილია მის გამო,
რომ მზეა და ცხენოსნებით
აივსო ეზო-მიდამო.
და აფხაზური სიმღერის
ხმა სასიამო ირხევა,
აფხაზურ ცეკვით თვით ჭერის
მკვრივი ფიცარი ირყევა.

- ხომ ძველებურად? - კითხულობს.
- ისევ იმგვარად, - ეტყვიან,
- გული ისევე ლომგულობს,
თუმც ომით დანასეტყვია.
და საუბარი სდის ხანის,
საღამო ხანის, გვიანის.
ტკბილია მოგონებანი
ასი წლის ადამიანის.

თრთის სამხრეთის ცა, ციური
გადმოდინება ბურისა,
სთვლემს ხიდი ვენეციური
და კოშკი კელასურისა.
სიტყვაში, ვით მაგიური
ხმა წმინდათ ნაკამკამარი,
ხშირად გაისმის მზიური
დასახელება: თამარი.

თასებში ღვინო ელვარებს,
ცვარი ეცემა მდელოებს,
ცლიან და ცლიან, მგზნებარეს
იტყვიან სადღეგრძელოებს.
ბორგავენ მონადირენი
შვლის და ხოხობის ამბებით,
და მისდევს ირემს ირემი
მწვერვალებით და შამბებით.

სხვები შორეულ ნაოსნის
თავგადასავალს ჰყვებიან,
უკვდავი „ვეფხის-ტყაოსნის“
ღრმა აზრით იჟღინთებიან.
ზოგი „გამზრდელის“ სტრიქონებს
ხელახლა განიმეორებს,
ზოგი ხალხურ თქმებს იგონებს
და იმის შემქმნელ მთა-გორებს.

ცხოვრება ჩვენი რთულია,
სთქვეს: განათლება მოვიდა,
რკინისგზაც გამართულია
სიბრძნესთან სიახლოვითა.
ღამეა. მოდის ნელნელი
ხმა მდინარეთა დუდუნის,
ველებზე მიმოფენილა
პლანტაციები თუთუნის.
სიმშვიდეს მიჰყავს ხალისად
მზისაგან სხივშენახები
ლიმონის, ფორთოხალისა
და ზეთისხილის  ბაღები.

ერთხელაც კიდევ ახსენეს
მხარე, ძვირფასი მამული,
წარსულის გულგანახსენის
და აწმყოს მძლე ჟრიამული.
გაქრეს შავი დრო, მწუხარე,
მზე გვახლდეს იმერ-ამიერ,
თასი აიღეს, მქუხარე
დასძახეს „მრავალ ჟამიერ“.

„დაბრუნდა“ - თითქო იძახდა
და სივრცე იმეორებდა,
იმ უხვ ნაპირთა, იმ ბაღთა
არეებს ვერ აშორებდა.
გაფრინდა, გაჰყვა სადღაც შორს,
ძლიერ შორს გადაგუგუნდა,
ხმა მოესმოდა ტოლს და სწორს:
„აფხაზი გმირი დაბრუნდა!“

[1946]