შუალედი - დან - მდე
 
 


ტურა-მელა


გზა მთებისგან გადიხარა,
მიწის მხვნელმა შეისვენა.
მზემ სხივები გადიყარა
და ზღვის გულში ჩაესვენა.

ახმაურდა ბინდის ცრაზე
აქეთ ტურა, იქით ჭოტი,
ბუგიეთის შარაგზაზე
იტრიისკენ მივდიოდი.

დავინახე ცაცხვი გზადა,
გავიხადე ქალამანი,
წამოვწევი გულაღმა და
ცის შევაქე გალავანი.

მომეპარა ტურა ჟღალი,
ქალამანი მიაქვს, ვხედავ!
წამოვიჭერ და კომბალი
კანჭში მივაყოლე ზედა.

ბარგი დავატოვებინე,
თვით შევკოჭე და ამ კარგის
მოქმედს ბინად მივუჩინე
ეს გალია ზოოპარკის.

მომეპარე... აბა რისთვის,
შე ბაცაცა-მატყუარა,
ქალამანის წართმევისთვის
ე მანდ ჩაგსვი დღეს თუ არა?

გლეხიკაცი სუნთქავს ჰაერს,
შენ კი ართმევ მას სამკაულს...
ვინ შეგარჩენს შენ ამნაირ
თავხედობას, დანაშაულს?

[1946; 1949 წლის 30 ივნისამდე]