შუალედი - დან - მდე
 
 


სვანის დაბრუნება


ნახა ევროპის ქალაქები სხვანი და სხვანი,
როდესაც მტერი ძირს განერთხო ნიღაბახდილი,
ეხლა საყვარელ სამშობლოში ბრუნდება სვანი,
ბრუნდება სვანი სამშობლოში ომგადახდილი.

შერიჟრაჟებულ ჰორიზონტზე ცის ერთეული
მიმონათება ვარსკვლავების დაიბნიდება,
შერიჟრაჟებულ გამჭვირვალე ნისლში ხვეული
თავისუფალი მთების ხვდება მთელი დიდება.

სანახაობა დიდებული თვალწინ იშლება:
ტალღისებური გრეხილები მთავარი ქედის,
უმშვენიერეს მწვერვალების გულგაშიშვლება
მუდმივი თოვლით ლაჟვარდოვან სივრცეში შედის.

უშბა, თეთნულდი, იალბუზი მძლე მყინვარებით,
მიუდგომელთა ციცაბო კლდეთ მშვენიერება,
სუნთქვისშემკვრელი უფსკრულები. ამღელვარებით,
ჩაბნელებულან ფერდობებზე ვრცელი ტყეები.
 
ო, რამდენია მათში ასე უცხო სინაზე!
აღქაფებული - თოვლის მსგავსი, ყინულებრ ცივი,
ყვირის ნაკადი, ჩანჩქერებად გადადის მთაზე
და ქარიშხლიდან მდინარეში იჭრება მკვრივი.

იგი მდინარე გზას მიიკვლევს გრიალით, ხვევით,
უზარმაზარი ხეობების ცივ ნაპრალებში,
სუსხი, სიცივე განთიადის თან მისდევს რხევით,
ჯერ კიდევ სძინავთ ნაზ ფრინველებს მშობლიურ მთებში.

ტყე სდუმს, გზაცა სდუმს, ისვენებენ ადამიანნი,
მხოლოდ ხმაურით დაუცხრომლით შფოთავენ წყალნი,
დაიქროლებენ ფერდობებში მსუბუქნი ქარნი,
მშფოთვარე წყალზე მაშინ განგაშს სტეხენ ფიჭვნარნი.

გარემო მთების უპასუხებს გამოძახილი.
მიყვარს ეს მძლავრი ჰარმონია ახოვანების,
იგი მოისმის, ვით ციურად გამოსახული
ხმა მრავალ ათას მუსიკალურ ახმოვანების.

ღრუბელნი, სხივთა მაცოცხლებელ ალით გამთბარნი,
იწევენ მაღლა ფირუზისფერ სიმაღლეებით.
მშვიდია მათი შეჯგუფება გასაოცარი,
მიმოცურავენ ისევ მზისა და ქარის ნებით.

აჰა, ამღერდნენ ფრინველები. რუხი ბაჭია
გამოტყვრა მზეზე გასათბობად ჩქარი ფუსფუსით,
კვლავ დაიმალა გამალებით, განცხრომაშია -
ღერი, ფოთოლი, ტოტი, ლანდი, ჩრდილი, ბუსუსი.

ორი არწივი, დასტოვეს რა მაღალი ბუდე,
ხაზავენ რგოლებს, ტრიალებენ: უნდათ გათვალონ,
გარშემო ქედებს და მწვერვალებს დასცქერენ მრუდედ,
რომ შეამჩნიონ, რომ იქ მსხვერპლი აითვალთვალონ.

მათ მძლავრი ფრთები გაუშლიათ მეფურად, ფართოდ,
ამოძრავებენ ისე წყნარად, ნელა და მდორედ,
ისე მსუბუქად, მაგრამ მძიმედ და სანავარდოდ...
აქ სიახლოვედ ქცეულია სიშორიშორე.

ხან აიწევენ მაღლა-მაღლა, ხან ეშვებიან,
მილივლივებენ, ეხლა ღრუბლებს არ ეშვებიან.
დარწმუნებულან რა თავიანთ სიძლიერეში -
დიდია მათი ეს სიმშვიდე და იერიში.

ბრუნდება სვანი სამშობლოში ომგადახდილი...
აწ თვალწინ ვრცელი გაიშალა დაბა-სოფელი,
ამაყ სიმშვიდით გარშემორტყმულ კლდიანი მთების,
ვით ეხამება სულს მაღალი ეს სამყოფელი.

თეთრად მოსჩანან, ქვის მაღალთა შენობათ მცველი,
ფანჯრების წილ რომ ახლავს კოშკებს, სათოფურები;
ამ გამაგრებულ ციხე-კოშკში ცხოვრობდა ძველი
ხალხი, რომელსაც ვერ აკლებდნენ რას მომხდურები.

ადამიანი აქ მგრძნობარე და ამაყია.
ის წინათ გრძნობდა, რომ არ იქნა და ვერ გახია
საკუთარ ძალით საუკუნეთ ტყვეობის რკალი,
მაგრამ მრისხანე მთის მოძმედ სხვა აღმოჩნდა ძალი.

ხეობაში რომ გზა მიიწევს მიხვევ-მოხვევით,
აქ დაამარცხეს სტიქიონი ნაამბოხევი.
ამ გზით შეიჭრა მწვერვალებში რადიო, ავტო...
მათი იქ მისვლა მთლად ახდენილს სასწაულს ჰგავდა.

მხარემ, რომელმაც დაინახა სულ სხვა ბორბალი,
მხარემ, რომელმაც შეიყვარა ცა ნაჭორფალი,
გამოიღვიძა, მიიხედა და მოიხედა -
ისევე სდგანან მშვენებანი ძველთა ციხეთა!

და მსწრაფლ შეუდგა თავის ახალ ბედის შენებას,
და ცხოვრებისა ახალისა გრძნობს გათენებას.
ისევ იგია მშვენიერი ღრუბლების კალთა,
ხოლო იქიდან ახალი გზა გამოსრიალდა.

ბნელეთის დემონს დაეჯახა, გაანადგურა
და ქვეყნად ერთა სიყვარული დაასადგურა.
ბოროტნი სულნი ხეობების იქით გარეკა,
გამოცოცხლების, გაღვიძების ზარი დარეკა.

ტკივილი ძველი დააყუჩა და დააამა
ახალმა სივრცემ და ახალმა ადამიანმა.
ორ არწივს, ცაში მოფრიალეს, შეჰხარის გრძნობა...
წინსვლა მარადის! სიყვარული! სალამი! ძმობა!

ნახა ევროპის ქალაქები სხვანი და სხვანი,
როდესაც მტერი ძირს განერთხო ნიღაბახდილი.
ეხლა საყვარელ სამშობლოში ბრუნდება სვანი,
ბრუნდება სვანი სამშობლოში, ომგადახდილი.

[1945]