შუალედი - დან - მდე
 
 


მეომრის დაბრუნება


გაჩერდა, სადაც
თავდება შარა
და მშვენიერი
იწყება ყანა.

და მანქანიდან
ძირს გადმოვიდა
კაცი მაღალი,
წარმოსადეგი.
მასში მიმზიდველ
და მოწიფული
დავაჟკაცების
იყო დამდეგი.

იგი დაადგა
შემოკლებულ გზას,
მთიურ მინდვრიდან
მაღლა მავალი,
ყვავილოვანი
და მობიბინე
გადაიარა
გადასავალი.

რა კარგი არის,
რა საამური,
ნაცნობის,
მაინც დავიწყებულის
მიდამოებზე
ხელახლა გავლა,
რა აღტაცებით
გიღელავს გული.

რა სიმსუბუქით
იწევა მკერდი,
როს იგონებს ომს -
სიმარჯვის არეს.
დიდიხანია,
რაც არ უნახავს
ეს ადგილები
მებრძოლს მღელვარეს.

შეხვდა მეგობარს,
მონახა თასი,
და შიგ ჩაუშვა
წითელი ღვარი
და ცხრა მაისის,
გამარჯვების დღის,
აწ სადღეგრძელოს
სვამს მეომარი.
         
1945