შუალედი - დან - მდე
 
 


ორმოცი წლის წინ


კაცსა მიჰხვდეს საწადელი,
რას ეძებდეს, უნდა პოვნა,
მაშინ მისგან აღარა ხამს
გარდასულთა ჭირთა ხსოვნა.
                 შოთა რუსთაველი

ამქვეყნად დიდი მომავლის მგრძნობი,
    ფრთხილად და მწირად,
დაფიქრებული მიდის უცნობი
    მდინარის პირად.
დაბრუნებისას უცნობმა სველი
    გზა გაარღვია,
ჭაობი იდგა იქ, სადაც ძველი
    სნების ძარღვია.
ადის ნასიცხარ წვიმის ჟუჟუნი
    და, როგორც წესი,
ჰაერს აღავსებს ციების სუნი
    უსასტიკესი
და ეჩვენება უცნობს მრავალი
    სხვა მოჩვენება,
ამ ჭაობიდან ამომავალი -
    ჭირი და სნება.
დაგუბებული წყალი ავსილა
    დაშლილ თივებით,
ადგას ტალახი, ქვიშა და სილა,
    როგორც ტივები.
რა ეხერხებათ, სხვა თუ არაა
    სასმელი წყალი...
დაფიქრდა იგი, მაგრამ ეს რაა?
    ვიღაც საწყალი
ღარიბი ქალი ნაპირზე გდია,
    ფერი აქვს ბნედის,
გარშემო ხალხი შემოხვევია
    მთელი მილეთის.
რა მოხდა? ჰკითხა და ახმაურდა
    პასუხი ავი:
როგორი დროა, ამ სნეულს სურდა,
    დაეხრჩო თავი.

სდგას უცნობი. იგი ფიქრობს...
    რკალი რკალს ეგარსება,
კრთის ზვირთები და მზეს იქრობს
    ბევრზე-ბევრი არსება.
თავს რად იხრჩობს, ხავსს რად ჰკოცნის
    ქცეულს ჭუჭყის ღვარებად?
დღეს რად იხშობს? ჰა, სიცოცხლის
    მართლაც გადაგვარება!

და მიზეზი
    უარყოფის -
გულში მწარედ დაგუბვის.
უდიდესი
    ზიზღი ყოფნის
და სურვილი დაღუპვის...
რად არ არის
    არემარედ
ამის მტკიცედ გაგება,
რომ ყოველგვარის,
    მოანგარედ
სიცხე, პაპანაქება,
გამურულის
    ხელშესახებ
მატერიის ბრალია,
მისი გული,
    მისი სახე,
მხოლოდ კაპიტალია!
ვით გრძნეული
    ფუტკარი სკას,
მოშხამული სინდისით,
დამსხვრეული
    არმია სდგას,
როგორც ქსელი ბინდისა.
ღელავს ჯარა
    მშრომელ ხელთა.
რა სურს, ან რა სწყენია?
ვერ მიმხვდარა,
    რომ იმ ქსელთან
სულ სხვა დასაყრდენია.
მიიჩქარი,
    მაგრამ განა
ეს ქვეყანა ლანდია?
ვერ მიმხვდარხარ,
    რომ ეს ხანა
მხოლოდ სხვისთვის ანთია.
სხვა სნება ის,
    მოარული,
ვით დამალვა ტყიური,
სენსაციის
    მოყვარული
პრესსა ყოველდღიური -
რბის, იშორებს
    ნაპირ-ნაპირ
მილიონთა შეხვედრას,
ვერ უსწორებს
    თვალს პირდაპირ
ტანჯვა-კვნესის შეხედვას.
ვიღაც კვნესის?
    დე, იკვნესოს!
თვითმკვლელობა, მკვლელობა...
მათი პრესის
    ეზო-ეზო
ასეთია მსვლელობა.
აი ნარგი
    და ტოტები
მშვიდობიან დღეების,
მათი კარგი
    წალკოტები,
მათი ორხიდეები.
სიკვდილის ხმით
    შეიფიფქა
ეს საამო ვარდეთი,
თავგანწირვით
    ჰქრება თითქო
ოქრო შარავანდედი.
ო, რისთვის მკლავ!
    არ ვარ ჩალა!
სწუხს მღერალი წარმართი,
რომელსაც კვლავ
    შეეშალა
პარნასის მისამართი.
ის მოვიდა
    იმ კარებით,
ამნაირი ობლობით...
    სიცივით და
    მწუხარებით,
ჭუჭყით, მოუწყობლობით.
ვარამს მწიკლავს,
    რაკი შურის
უგონობით დახედა,
ის თავს იკლავს
    პასსიური
საშინელი დაღითა.
გადაიკრავს
    დღე ზეთიანს,
რომელშიც ხსნა არ არის.
ის თავს იკლავს...
    ასეთია
ხვრელები კაპიტალის.
გრძნობს უცნობი,
    რაც ასეა,
კრიზისი, აგონია,
ყოველგვარი
    ფანტაზია
მასთან მონაგონია.
ანარქია...
    პროდუქტები
პურისა და შაქარის
აქ ბარგია
    სულ ზედმეტი...
აქ მყიდველი არ არის.
ზედმეტს სხვების
    კიდევ გრძნობა
მხარეს თუ დარევია,
    სიცოცხლის კი
ზედმეტობა -
    მართლაც საზარელია.
სდგას გულკეთილ
    წილხდომილი
ქუჩების ნაგვიანის
ჩამოფლეთილ -
    დავრდომილი
ლანდი ადამიანის.
კაცს სდევნიან
    უსიმდიდროდ,
შიმშილის მრისხანება
გამოიყვანს
    მაშინ მჭიდროდ
მრისხანე მოზმანება!
მათ გახვეტენ
    ახალი ძვრით.
ასახლებენ სხვა მხარეს,
მაგრამ სჭვრეტენ
    მეორე მხრით
უფრო საზარ-უარესს.
მისდევს გოგორს
    კაცის ვნება,
სჩიჩქნის რა ნაგვის ყუთებს,
ბობღავს როგორც
    მოჩვენება
და ველურ ხმით ბუტბუტებს.
ქალი ალბათ
    იმ ნაპირად
იყო წვიმით დამბალი,
ხვეტდა ხარბად,
    რაც კი ძირად -
ნარჩენია დამპალი.
ასეა დრო:
    ქარხნის ელვას
ვინც შერჩა ალალბედად,
უმოკლებენ
    მასაც ხელფასს,
ის შრომობს უიმედოდ.
არა აქვს მას
    გასაქანი,
ჩხვლეტს ცხოვრების ხიწვები
და იფეთქებს
    ხან აქ, ხან იქ,
რისხვა და გაფიცვები.

და ვინც აწყობდა ამ გაფიცვებს,
    არ იყო მგზავრი,
იყო ოსტატი ფოლად რწმენის,
    ჯანყის და ზიზღის,
მისმა ბარტყებმა ულმობელი
    ფრთები შეისხეს.
რევოლუცია ჰქვია მის გზას,
    მრისხანე ჯავრი.
მას კობა ჰქვია, იმთავითვე
    იყო ის მძლავრი,
თანაბრად სდევდი განწირულის
    ყინვას და სიცხეს,
რაც მოწოდებათ მისთა ქვეყნად
    ნავარდი იწყეს -
ამ ქვეყანაზე კაპიტალის
    ნდობა არ არის!
                 
[1944]