შუალედი - დან - მდე
 
 


ყოველ გრიგალში


ყოველ გრიგალში
თუ ქარიშხალში
მედგრად დაენდე
ცხოვრების საჭეს -
მეტის გრძნობით,
მეტის დანდობით!
ყოველ წყვდიადში
მანათობელ
ცეცხლად აენთე,
ელვარე ცეცხლად,
სიცოცხლით და
ახალგაზრდობით!

გაიცხოველე,
ო, სამშობლოვ,
გულის წადილი,
დე, აღტაცება
თან დაგდევდეს
უზენაესი.
სხვაგან ნისლი და
სიბნელეა,
აქ კი - ნათელი,
სხვაგან თოვლი და
ყინულია,
აქ კი - მაისი!
თავგადასავლით
საოცარით
შენი ხალისი,
თავის საყვარელ
ახალგაზრდად
მარად გიგულებს
და იმაისებს
კვლავ იმგვარად
შენი მაისი,
და თაიგულიც
იმგვარადვე
ითაიგულებს!..

იელვებს ოქრო
მშვენიერი,
რა აღმოსავლით
და დასავლეთით
ბრინჯაოთი
დაედინება -
ოქრო ელვარებს
უხვი ფერით,
უხვი მოსავლით:
ოქრო, ნარინჯის
და თურინჯის
ქარვის ბრწყინვება.

და სილაჟვარდე
ვაზებისა,
ჩქეფა მაჭარის
ოქროსფერ ღვინოდ
გადიქცევა
და ბრწყინავს იგი...
მაღლა ავსწიოთ,
მეგობრებო,
ერთა ძმობისა,
თავისუფლების
და ერთობის
დიადი წიგნი!

ადამიანურ
ძლიერების
აღიარება
სამშობლოს წინსვლის
ურყეველი
მკვიდრი ფუძეა,
ყოველ დღეს ჰშვენის
უბრწყინვალეს
გერბის ტარება,
და ანათებს მზე:
ოქტომბერი.
რევოლუცია.
                 
[1944]