შუალედი - დან - მდე
 
 


მზის ამოსვლა ზღვაზე


დააყირავა მზემ ვარდებით
სავსე კალათა,
სავსე კალათა ცისფერებით,
ლურჯით, თეთრებით.
გქონდეს სახსოვრად
უეცარი ნახვის ბალადა,
ნაზი ბალადა იმედებით
და შეხვედრებით.

კვლავ გამოცოცხლდა ია-ვარდი
ოცნების ნავზე,
ოცნების ნავზე სიხარული
დაჰქრის ვედრებით,
და აღტაცებით შეიმოსა
ბუნება სავსე,
ბუნება სავსე იმედებით
და შეხვედრებით.

და ჩემთვის გათბა ყველაფერი...
აჰა, საცაა,
აჰა, საცაა აიწევა
ხმა გამკვეთრებით,
მზის ამოსვლისებრ მოგონებაც
მარადი გზაა,
მარადი გზაა იმედების
და შეხვედრების!

დაიძრა გემი ნავსადგურით,
მგზავრებით სავსე,
ხომალდი სავსე მეზღვაურით,
ჩვენი მხედრებით.
მას სხვა ხომალდი უერთდება
საბრძოლო გზაზე,
საბრძოლო გზაზე იმედებით
და შეხვედრებით!

[1944]