შუალედი - დან - მდე
 
 


აჭარელი მფრინავი


ვინ იყო, რომ ოცდაათი
საოცარი გაფრენით
ყოველი დღე და საათი
აანთო აღმაფრენით?

საზენიტო ცეცხლის ალში
მტრის ტყვიის დამცინავი
უყურებდა სიკვდილს თვალში
გამბედავი მფრინავი?

ვინ იყო, რომ შეაერთა
ძალა შურისმგებლების,
თუმც გარს ერტყა ურდო მტერთა
გამანადგურებლების?

ვინ იყო, რომ აღმაგზნები,
მიუდგომი შიშისთვის,
ბელგოროდის გახსნა გზები
ჩვენი იერიშისთვის?

- შვილი ქართლის და აჭარის,
სავსე გულის სიალით -
ჯინჭარაძე! - გახდა ჯარის
საპასუხო გრიალი.

- ვისი გახსოვთ ვაჟკაცობა,
ცოდნა, გამბედაობა,
თავდადების წრფელი გრძნობა,
ნიჭი, შორსმხედაობა -

როცა როგან-ხარკოვისა
აეროდრომს კრებული
ასი თვითმფრინავი მტრისა
იყო ჩასაფრებული?

ვინ დაესხა თავს, რომელმა
მტერს სიკვდილი არგუნა?
- ჯინჭარაძემ! - ჯარმა მთელმა
ერთხმად დაიგუგუნა.

ვინ მუსრავდა მაშინ ტანკებს,
ვინ სწყვეტდა თვითმფრინავებს?
სცემდა ცეცხლის ენებს განგებს,
ჯართ ნაწილებს მგმინავებს?

სამი თვითმფრინავი მტრისა,
როს გამოჩნდა ვეება,
ვინ იყო, რომ ერთი იმ სამს
თავგანწირვით შეება?

ვინ გადუდო დუშმანს სარმა
და უშვა ვით ბზრიალა.
- ჯინჭარაძემ! - მთელმა ჯარმა
ერთხმად დაიგრიალა.

ვინ იყო, რომ მკლავძლიერი,
როგორც გრიგალთა ჩენა,
კვლავ ორმოცდათერთმეტჯერი
მოახდინა გაფრენა?

ვის არ ჰქონდა რული თვალთა,
წამს არ იყო უძრავად -
მტრის ტექნიკის და ცოცხალთა
ძალთა შესამუსრავად?

მერე როგორ პირობებში!
გარემოცვა რაგვარი!
გარს უვლიდა ზურგში, ფრთებში
თვითმფრინავთ ნიაღვარი.

ვინ იყო ის, სავსე გზნებით,
ჰაერთა ჯადოქარი?
- ჯინჭარაძე! - მღელვარებით
ისმის ხმა ბობოქარი.

- მოვიგონოთ შარშანდელი
სიცხე მარიობისთვის
და ქალაქი, ვით სანთელი,
ანთებული დნობისთვის.

ვინ დაარტყა ყუმბარები
აეროდრომს მტრისასა?
ვინ მიეჭრა ყრუ ფარებით
ბჭეებს ქალაქისასა?

მთელი ლავა მძლე და ავი
ცეცხლისა ვინ აპკურა
და მრავალი თვითმფრინავი
იქ ვინ გაანადგურა?

ვინ გადასჭრა ზეცა სხივით
და მიწაზე სდგა მუხად?
- ჯინჭარაძე! - გრიგალივით
გამოისმა პასუხად.

- გაიხსენეთ ყოველ ნერგის
ამოგდების მომდომი,
მტრის დაძაბვა და პომერკის
ვრცელი აეროდრომი.

ჩვენი კორტნა სურდათ სვავებს -
მიწვდა აწ იმათვე-რა,
მაშ ვინ დასცხო თვითმფრინავებს
და ვინ გააცამტვერა?

ვინ აჩენდა ხანძართ სვეტებს
ამოვარდნილს სამუმად
და მტრის ცეცხლის ბევრი წერტი
დარტყმით ვინ ჩააჩუმა?

ვინ იყო ის ძვირფასი ძმა,
ვისი სისხლის დუღილი?
- ჯინჭარაძე! - გაისმა ხმა,
როგორც ჭექა-ქუხილი.

- კვლავ აგვისტო იდგა ზრზენით
და დერგაჩის ტყეები,
სადაც ვერაგთ, გაიხსენეთ,
ჰქონდათ სიმაგრეები.

ოღონდ ვიგრძნოთ! - დაგუბებულ
შურს იქ ვინ არ იძიებს...
ვინ სცემდა იქ განლაგებულ
ტანკებს, მტრის პოზიციებს?

ვინ იყარა მტერზე ჯავრი,
მოუსპო რაც ებადა?
ვინ მოაწყო რისხვა მძლავრი
დიდთა აფეთქებათა?

გადამრჩენი ძმების, დების,
ვინ იყო ის მფრინავი?
- ჯინჭარაძე! - აღტაცების
გაისმა ხმა მგრგვინავი...

- კიდევ. გახსოვთ ლებოტინის
სარკინიგზო სადგური...
მტერზე ამომყრელმა ჟინის
მხნედ რომ იძია შური.

დაუტია ჰაერიდან
მიხაკისფერ ზმანებას,
არასგზით არ დაერიდა
მრავალრიცხოვანებას.

რისხვა, სეტყვა ყუმბარების
დუშმანებს მიათოვა,
მტერი შედრკა, გამწარებით
სადგური მიატოვა.

ჩვენი გახდა მას შემდეგ ის,
მსწრაფლ იქნა აღებული -
ზონა მოწინააღმდეგის
მიერ გამაგრებული.

ძლიერებით მებრძოლ კაცის
მტერი ხევს გაიჭექა?
- გაუმარჯოს ჯინჭარაძეს! -
ჯარმა ერთხმად იჭექა.

ვინ იყო ის მტერთ მორევნის
ოსტატი მეთაური?
- ჯინჭარაძე! - ზღვის მორევის
ხმით გაისმის ხმაური.

პირადად ვინ შორი-შორი,
უფსკრულს გადააქანა -
თვლით ოთხმოცი და კვლავ ორი,
მეტიც ავტომანქანა?

პირადად ვინ, ვით ნიანგი,
მსვლელი შავად მბზინავი,
მოსპო ოცდაათი ტანკი
და ექვსი თვითმფრინავი?

პირადად ვინ და რომელმა
ჩვენს სამუსრად სავალი
მუსრა აეროდრომები
და გზათ რიცხვი მრავალი?

პირადად ვინ, გამეტებით
მოუსპო მტერს სიცოცხლე,
ჩააჩუმა მტრის წერტების
დაუმცხრალი სიცეცხლე?

პირადად ვინ, სადაც სჩანდა
მტერი მიწით თუ ზეცით,
მოსპო, დასჭრა და გაფანტა
რვაასოთხმოცი მხეცი?

პირადად ვინ, მონდომებით
მთელის ღონით და ძალით
ააფეთქა საწყობები
საომარი მასალით?

პირადად ვინ, მფრენი მცველად
ღრუბელთა საცდომებში,
იმარჯვებდა საკვირველად
საჰაერო ომებში?

მიენიჭა პირადად ვის
გმირის დიდი სახელი?
- ჭინჭარაძეს! - ჯარის ისმის
ხმამაღალი ძახილი.
              
[1944]