შუალედი - დან - მდე
 
 


ახალი წელი


დგება ახალი წელი,
    გამარჯვებათა წელი.
და მუდამ ასე, დღეებს
    ცელავს სიმართლის ცელი.

აგიზგიზებულ კერით
    ღელავს ოქრო და ვერცხლი,
ცეცხლს ვერ ვაშორებ მზერას:
    ფიქრიანია ცეცხლი.

მაინც რა ჭექა-ქუხილთ
    უზარმაზარი ეტლით
მოსკდა მსგავსება მთათა
    ღვართქაფით შეუწყვეტლით!

დუღდა ბალტიკა, პონტი,
    ცამდის ავარდნილ ტალღით,
ხეთა ავარდა წყება,
    ფესვებიანად, ყალხით.

ნაპირთ უსაზღვრო გრიალს
    შეხვდა ზუზუნი ტყეთა,
ო, მშობლიურო მიწავ,
    ო, ძველისძველო მცხეთა!

კიდევ გავარდა მეხი
    და შეიშმუშნა მგზავრი,
ორად გაპობილ მთაზე
    ძელქვა აენთო მძლავრი.

და როცა ჩადგა ქარი
    და ალაჟვარდდა ზეცა,
ვარდნი მოჰფენენ სურნელს,
    ალთ უსპეტაკეს კეცად.

შეხვდა მშობლიურ ნიავს
    შუბლი ოქროსფერ მთების,
არის ფრინველთა სტვენა,
    გაშლა არწივის ფრთების.

აგიზგიზებულ კერას
    ფერავს ოქრო და ვერცხლი,
ცეცხლს ვერ ვაშორებ მზერას,
    მადლიანია ცეცხლი.

მაინც რა ქარი იყო
    მაშინ ოპერის გვერდით?
აკადემიაც ერთხმად
    პოეტს იცავდა მკერდით!

აგერ აჭარის არეს
    ოქრო მიქრის და მოქრის
და საიდუმლო ზღვისა
    ფიქრებს როგორ არ მოგგვრის.

ბართან თუ მღერენ მთები,
    მთასთან ზღვაც უნდა იქნეს,
ახალ წელს გზა ხვდეს ჩემი,
    ახალი დიდი წიგნის.

ბედნიერება ჩვენს ხალხს
    მიეც, ახალო წელო,
რომ გაუმარჯვდეს კვლავად
    და გაიტანოს ლელო.

[1944]