შუალედი - დან - მდე
 
 


სიცხადე


და მე ისევ სიზმრად ვნახე
ჩემი ხარკოვი...
         ნატალია ზაბელა

დღეს კი, სიზმრის მაგიერი,
მზეა, ცხადზე ცხადი:
ხარკოვის ცას მხარძლიერი
ანთებს განთიადი!

და იქ უკრაინელ ქალის
წინანდელი კვნესის
ნაცვლად, - გზაა მომავალის
ცხადზე - უცხადესის!

წელგამტყდარი შორს მიცოცავს,
შხამიანი გველი...
მომილოცავს, მომილოცავს
ეს სიცხადე მწველი!

შევსწრებოდეთ კიდევ მრავალ
გამარჯვების დღეებს -
არ ვუფრთხოდეთ გარდამავალ
ჭირთა სიძნელეებს!

და ვინც თვისად გაიხადა
ხალხის იგი ჭირი -
ხალხის გულშივ ჩაიხატა,
ვით სიცხადის გმირი!

ეს სიცხადე დაალაგებს
მიმონგრეულ ბინას,
სოფლებს, დაბებს და ქალაქებს
და მთელ უკრაინას!

ამ სიცხადით მისწვდეს ლელოს
ჩვენი მთა და მდელო,
უკრაინავ, საქართველოს
მოძმევ ძველისძველო!

1944