შუალედი - დან - მდე
 
 


* * * არ ამაოდ...


არ ამაოდ,
მიუშვირა ტყვიას
ჭავჭავაძემ
განიერი მკერდი.
არ ამაოდ,
დეკასა და ღვიას
იგონებდა
აქ ვარაზის ფერდი.

არ ამაოდ,
მომღერალი ხევის,
ყაზბეგი წიგნს
დაჰყურებდა თვისას,
ის შეშლილი,
არ ამაოდ დევის,
ნამუხლართან,
ხმას ისმენდა მთისას.

არ ამაოდ,
ბალიშიდან მაღლით
მამიამ ძირს
გადახარა თავი,
არ ამაოდ,
დარდითა და ნაღვლით
კვდებოდა ის...
და დრო იყო შავი.

ო, სამშობლოვ,
ისევ თვალწინ ედგა
ყოველ მათგანს
შენი სახე, გლოვა,
სიკვდილის წინ
გული მათი ფეთქდა
იმ სიახლით,
რაც ჩვენმა დრომ ჰპოვა.

1943