* * * რა ამაოდ...
რა ამაოდ
მიუშვირა ტყვიას -
ჭავჭავაძემ
განიერი მკერდი.
რა ამაოდ
დეკასა და ღვიას
იგონებდა,
ო, ვარაზის ფერდი.
რა ამაოდ,
ბეთჰოვენი ხევის
წიგნს ყაზბეგი -
დაჰყურებდა თვისას.
რა ამაოდ -
რა ამაოდ დევის -
ნამუხლართან
ხმას ისმენდა ძმისას.
რა ამაოდ
ბალიშიდან მაღლით
მამიამ ძირს
გადახარა თავი -
რა ამაოდ,
როგორც უცხო ძაღლი,
კვდებოდა ის,
საცოდავი, შავი.
ყოველ მათგანს -
თვალწინ ედგა შენი -
სპეტაკი და
ზეციური ლანდი...
სიკვდილის წინ,
გიგონებდნენ ძენი -
გეძახოდნენ...
შენ კი არსად სჩანდი!
1945